“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად.
სალომე სამადაშვილმა და ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას სასამართლო პროცესის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სასამართლომ დღეს მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების ფორმა არ შეუცვალა.
“სამართლებრივი ლოგიკა გიორგი რურუას ციხეში დატოვებას არ გააჩნია და ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს კიდევ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძალიან მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორე მხრივ, გაგრძელდება ხელისუფლებაზე უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან. ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების დასასრულისკენ მიდის და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას უახლოეს მომავალში გამოიყენებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ელენე ხოშტარიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როდესაც დაიწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
“ეს სცდება კონკრეტულ პიროვნებებს, არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმის და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე. ამაში გვერდში გვიდგანან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. მესმის, შეიძლება არ იყოს კომფორტული პოზიცია დღეს ხელისუფლებისთის, რომ გადათქვან რაღაცები. დავანებოთ თავი კინკლაობას და სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დაგვაყენებს ნორმალიზების ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას მაშინ, როდესაც ეს პროცესი დაწყებულია”, – განაცხადა ხოშტარიამ.








