ახალი ამბები

6 ახალი პაციენტი ბოლნისიდან და საკარანტინო სივრციდანაა

18 მაისი, 2020 •
6 ახალი პაციენტი ბოლნისიდან და საკარანტინო სივრციდანაა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სონღულაშვილის თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკას 6 ახალი პაციენტი დაემატა, მისი თქმით, მათგან 3 ბოლნისიდანაა, 3 პაციენტი კი- საკარანტინო სივრციდან. ამის შესახებ სონღულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ დეპარტამენტში”, – განაცხადა სონღულაშვილმა.

სონღულაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია.

18 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე სულ დაფიქსირდა კორონავირუსის 701 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 432 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 357 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი