ახალი ამბები

რა წესებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

15 მაისი, 2020 • 948
რა წესებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

დღეს, 15 მაისს, მთავრობამ განათლების სისტემისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას უძღვებოდა განათლების მინსიტრი, მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც, სხვა თემებთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც ისაუბრა.

ჩხენკელმა განმარტა, რომ გამოცდები, ჩვეულებისამებრს, ივლისში ჩატარდება, ზუსტ თარიღებს კი სამინისტრო ივნისის თვეში გაასაჯაროებს. თუმცა, თუ ეპიდსიტუაცია ამას მოითხოვს, გამოცდების აგვისტოში გადატანაც განიხილება.

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების წესს, ჩხენკელი განმარტავს:

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ერთი, რაც შემიძლია უკვე გითხრათ, არის ის, რომ ჩვენთვის უმთავრესი კრიტერიუმი ადამიანის ჯანმრთელობაა, შესაბამისად, ყველა დასკვნები ამაზე დაფუძნებით იქნება გამოტანილი.

ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც მოგვაწოდებს ჯანდაცვის სფერო – ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში იქნება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიკური პროტოკოლის, რომელსაც ჩვენ ივნისში, როდესაც თარიღებს გამოვაცხადებთ, ასევე გავაჟღერებთ “, – ამბობს ჩხენკელი და ამატებს, რომ ივნისში სამინისტრო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ვრცელ სამოქმედო გეგმასა და პრეზენტაციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი