ახალი ამბები

მოსწავლეების შეფასების ახალი სისტემა და ქულის ამაღლების შესაძლო გზები

15 მაისი, 2020 • 2669
მოსწავლეების შეფასების ახალი სისტემა და ქულის ამაღლების შესაძლო გზები

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, დღეს, 15 მაისს, სკოლის მოსწავლეების შეფასების სისტემებსა და საგნის წლიური ქულის ამაღლების გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და დაგრის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავა თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სისტემა.

შეფასების სისტემა

ჩხენკელის განმარტებით, შეფასების სისტემა ორი ფორმისგან შედგება: ესენია განმავითარებელი შეფასება და განმსაზღვრელი შეფასება.

განმავითარებელი შეფასების სისტემა შემდეგნაირია: მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვერლი შეფასების სისტემა კი ითვალისწინებს: სწავლის ხარისხის გაკონტოროლებას, მოსწავლის მიღწევების დონის დადგენას ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიზნების მიმართ. განსაზღვრულ შეფასებაში იწერება ქულა.

“ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზები და იმისთვის, რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი აკადემიური მიმართულებით. ჩვენ შევთავაზებთ ალტერნატიულ გზებს სკოლებს და მივმართავთ მათ, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ინდივიდუალური მოსწავლის სიტუაციიდან და ზოგადად სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე”, – განაცხადა ჩხენკელმა.

ჩხენკელმა გეგმის წარდგენისას გამოყო შეფასების ორი სისტემა – პირველის მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა. მეორე ალტერნატივის მიხედვით კი მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიური ქულა განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

“ბევრმა სკოლამ დააფიქსირა სურვილი, რომ სწორედ დისტანციური სწავლებისას მიღებული და მიწოდებული განათლება შეფასდეს და მათი მზაობა ამისი არის. შესაბამისად, ეს ალტერნატივაც გვაქვს და მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკეული იქნება წლიური ქულა, თუ სკოლები ამ მიმართულებას აირჩევენ”, – განაცხადა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, ჩხენკელმა ცალკე ისუაბრა მეხუთე კლასელების შეფასების სისტემაზეც, რადგან მათი შეფასების სისტემა განსხვავდება სხვა კლასის მოსწავლეების შეფასების სისტემისგან. კერძოდ, მათი შეფასება იწყება მეხუთე აკადემიური წლის მეორე სემესტრიდან. შესაბამისად, მათი წლიური შეფასება მოხდება მეორე სემესტრის პირველი 6 კვირის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

ასევე, ჩხენკელის თქმით, არიან მოსწავლეები, რომელთაც 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში არ აქვთ შეფასება, მათი წლიური ქულა კი განისაზღვრება მეხუთე კლასელების მსგავსად, ანუ ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე.

საგნის წლიური ქულის ამაღლება

განათლების მინისტრის განმარტებით, ასევე, იმ მოსწავლეებს, ვისაც საკუთარი წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ, მისი ამაღლების შესაძლებლობა მიეცემათ იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ დროს მიმართავენ სკოლის ადმინისტრაციას. ამ მხრივ განსხვავდება სხვადასხვა კლასის მოსწავლეების განაცხადების მიღების ვადები.

მეთორმეტე კლასელებისთვის აღნიშნული ვადები განსაზღვრულია 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით. მოსწავლეები, რომლებიც ან რომელთა კანონიერი წარმოამდგენლებიც შეავსებენ, მიმართავენ ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან 19 ივნისამდე მიიღებენ შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას, რომლის შესრულებისთვის განსაზღვრული იქნება შესაბამისი ვადები.

მეცხრეკლასელებისთვის, რომელთაც სკოლაში სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ, შესაძლებლობა მიეცემათ, 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით თავად ან კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით გააკეთონ შესაბამისი განაცხადი სკოლის ადმინისტრაციასთან, რომელიც 30 ივნისის ჩათლით მათ მისცემს კომპლექსურ დავალებას, რომლის შესრულებითაც განისაზღვრება მათი წლიური ქულები.

დანარჩენი კლასის მოსწავლეების შემთხვევაში კი ადმინისტრაციასთან მიმართვის ვადები განისაზღვრება 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათლით. ნიშნის გამოსწორების საშუალება კი მოსწავლეს მიეცემა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში. მათ ექნებათ მთელი სემესტრი იმისთვის, რომ იმუშაონ კომპლექსურ დავალებაზე და მათი ნიშანი დაიწერება მაქსიმუმ სემესტრის ბოლოს.

ჩხენკელის განმარტებით, მოსწავლეების შეფასების და ქულის ამაღლების სისტემებეთან დაკავშირებით სკოლებს და რესურსცენტრებს დღის ბოლომდე დეტალური ინფორმაცია მიწეოდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი