ახალი ამბები

სასწავლო წელი დისტანციურად და „ტელესკოლის“ მეშვეობით ჩვეულებრივ ჩატარდა – გახარია

15 მაისი, 2020 • 1955
სასწავლო წელი დისტანციურად და „ტელესკოლის“ მეშვეობით ჩვეულებრივ ჩატარდა – გახარია

საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ 2019-2020 სასწავლო წელი, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, დისტანციურ რეჟიმში ჩვეულებრივად ჩატარდა.

დღეს, 15 მაისს, მთავრობამ განათლების სისტემისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გახარიამ შესავალ სიტყვაში თქვა, რომ 2019-2020 წელი აკადემიურად არ გამოცხადდება, რაც ონლაინ სწავლებისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ტელესკოლის“ გადაცემის დამსახურებაა.

„თუმცა ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინ გაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემა მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის – „ტელესკოლა“, რომელიც არამხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

მნიშვნელოვანია, რომ „ტელესკოლა“ ეთნიკური უმცირესობების ენაზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, საქართველოში 2019-2020 წელი არ გამოცხადდება აკადემიურად.

საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, „ტელესკოლის“ მეშვეობით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში“ – ამბობს გახარია და ამატებს, რომ მე-12 კლასელები სწავლას 20 მაისს მორჩებიან, პირველკლასელები – 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები- 15 ივნისს.

მანამდე გახარია ამბობდა, რომ განათლების სისტემა მზად არ იყო, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად გაეცა.

“ის, რომ ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და თავი არ მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ბავშვი რეგიონებში გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ”, – ამბობდა გახარია.

სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს

მასალების გადაბეჭდვის წესი