ახალი ამბები

სლოვენიაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოცხადდა

15 მაისი, 2020 • 1136
სლოვენიაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოცხადდა

სლოვენიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია ოფიციალურად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

ამგვარად, სლოვენია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის „დამარცხების“ შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთ დღეში კორონავირუსის შვიდ შემთხვევაზე მეტი არ ფიქსირდებოდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან სლოვენიაში ჩასულ პირებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, თუმცა 14-დღიანი კარანტინი მაინც იქნება სავალდებულო არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასულთათვის (დიპლომატების და ტვირთის გადამზიდავთა გარდა), ხოლო ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, ქვეყანაში არ დაიშვება.

გამომდინარე ეპიდემიის დასრულებიდან, მთავრობის მიერ დაწესებულები ფინანსური დახმარება მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის მაისის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა მერე ძალაში აღარ იქნება. აგრეთვე, მთავრობის განცხადებით, ხელმეორე გავრცელების თავიდან ასაცილებლად საბაზისო წესების დაცვა მაინც იქნება საჭირო.

ეპიდემიის დასრულებიდან გამომდინარე, წინა კვირას მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, შემდეგ კვირას კი მოსწავლეების ნაწილი სკოლაში დაბრუნდება. ყველა ბარსა და რესტორანს და აგრეთვე მცირე სასტუმროს (რომელშიც 30 ნომერზე ნაკლები აქვს) შემდეგ კვირას მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნება.

„სლოვენიამ „მოათვინიერა“ ეპიდემია ბოლო ორი თვის განმავლობაში… დღეს სლოვენიას ევროპაში საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სურათი აქვს“, — აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.


სლოვენიაში, რომლის მოსახლეობაც 2 მილიონ ადამიანს შეადგენს, კორონავირუსის 1464 შემთხვევა და 103 გარდაცვალებაა დაფიქსირებული.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი