ახალი ამბები

EU შეშფოთებულია სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმეებით – ანგარიშის პროექტი

14 მაისი, 2020 • 1222
EU შეშფოთებულია სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმეებით – ანგარიშის პროექტი

ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოსთან დადებული ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს აფასებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივ დევნაზე შეშფოთებაა გამოთქმული. ანგარიშის პროექტის ავტორი ევროპარლამენტარი და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი სვენ მიქსერია.

“ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას სასამართლოში ბოლოდროინდელ საქმეებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე გამოიწვია პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია. [ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტებს, გათვალისწინებულს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში”, – აღნიშნულია ანგარიშის პროექტში

ავტორი მოწოდებს ყველა მხარეს, შეასრულონ 8 მარტს დადებული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ შეთანხმების კანონად ქცევა და რაც შეიძლება დროული აღსრულება”, – წერია ანგარიშის პროექტში.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

ხელისუფლება უარყოფს ამ უკანასკნელს და აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არავითარი პირობა არ დაუდია პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ შეთანხმების “სრულად შესრულების” გარეშე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი