ნეტგაზეთი | სტრასბურგმა 2004-2007 წლებში N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობების გამო სახელმწიფო გაამტყუნა – პენიტენციური სამსახური სტრასბურგმა 2004-2007 წლებში N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობების გამო სახელმწიფო გაამტყუნა – პენიტენციური სამსახური – Netgazeti

სტრასბურგმა 2004-2007 წლებში N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობების გამო სახელმწიფო გაამტყუნა – პენიტენციური სამსახური

სტრასბურგის სასამართლომ 2004-2007 წლებში სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობებისა და მკურნალობის გამო დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ორი მომჩივარის სასარგებლოდ 12 000 – 12 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გამოიტანა და ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა:

“საქმე ეხება მომჩივნების – ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა (პირველი და მეორე მომჩივანი -მეუღლეები) და მათი ერთ-ერთი შვილის – არჩილ ქადაგიშვილის (მესამე მომჩივანი) მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე მომჩივნის პატიმრობის არასათანადო პირობებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმის გარემოებების თანახმად, 2004 წლის ივლისში ამირან და არჩილ ქადაგიშვილები დააკავეს სხვადასხვა ფინანსური დანაშაულის საფუძველზე, რომელიც უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაარსებული კომპანიის – „გამაბანკის“ საქმიანობას. 2004 წლის სექტემბერში აგრეთვე დააკავეს მეორე მომჩივანი – ნანა ქადაგიშვილი.

ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, ამირან და არჩილ ქადაგიშვილები დავობდნენ, რომ თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობის პირობები იყო ძალიან ცუდი. კერძოდ, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მომჩივნები ამბობდნენ, რომ მათ საკანში იყო სიბინძურე და მწერები:

“10 კვ. მ. საკანი საერთოდ არ ნიავდებოდა და ორი მომჩივნის გარდა ოთხი სხვა პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომლებიც აქტიური მწეველები იყვნენ. მომჩივნები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. ამასთან, საკანში არ ჰქონდათ საპირფარეშო და დღეში მხოლოდ სამჯერ, კონკრეტულ დროებში შეეძლოთ საკნის გარეთ არესბული საპირფარეშოთი სარგებლობა. ასევე, მომჩივნებს არ მიუღიათ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისი მკურნალობა”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების განცხადებით, 2006 წლის დეკემბრიდან მომჩივნები გადაიყვანეს რუსთავის N2 დაწესებულებაში, თუმცა 2007 წლის 15 აგვისტოს მომჩივანთა წარმომადგენლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს ამირან და არჩილ ქადაგიშვილების ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ იმავე წლის 22 აგვისტოს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მთავრობას დააკისრა დროებითი ღონისძიება და მოუწოდა, ისინი გადაეყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

საქმის მასალებით, 2007 წლის 12 სექტემბერს მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ არ არსებობდა პირველი მომჩივნის გადაყვანის საჭიროება, ვინაიდან რუსთავის ციხე სათანადოდ იყო აღჭურვილი, სადაც მომჩივანს მეთვალყურეობდა სამედიცინო პერსონალი. მესამე მომჩივანთან დაკავშირებით კი მთავრობა განმარტავდა, რომ 2007 წლის 1-ელ სექტემბერს იგი მოათავსეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მას საჭირო მკურნალობას უტარებდნენ.

პირველი და მესამე მომჩივანი დავობდნენ, რომ მთავრობის მიერ სათანადოდ არ იქნა შესრულებული ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული დროებითი ღონისძიება, რაც არღვევდა კონვენციის 34-ე მუხლს.

პენიტენციურის განცხადებით, მომჩივნები აგრეთვე დავობდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დ მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლები და დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა):

“ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2004-2007 წლებში ამირან და არჩილ ქადაგიშვილების მკურნალობა და მათი პირობები N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო არასათანადო, რის გამოც დაირღვა ევროპულ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძლავა). აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) დარღვევა, რადგან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველ მომჩივანთან მიმართებით არ შეასრულა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება და ამირან ქადაგიშვილი არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. სასამართლომ სხვა გასაჩივრებული მუხლების დარღვევა არ დაადგინა” ,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

აღნიშნული დარღვევების გამო ამირან და არჩილ ქადაგიშვილების სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 12 000 – 12 000 ევროს გადახდის ვალდებულება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.