ახალი ამბები

1000 ლარი სრულწლოვნებს, 500 ლარი ბავშვებს – ენმ-ის დახმარების გეგმა

14 მაისი, 2020 • 3649
1000 ლარი სრულწლოვნებს, 500 ლარი ბავშვებს – ენმ-ის დახმარების გეგმა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, 14 მაისს, მოქალაქეებისთვის გამართა შექმნილი კრიზისის გამო დახმარების ალტერნატიული პროგრამის პრეზენტაცია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამით ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე დახმარების სახით მიიღებს 1 000 ლარს. ფულადი დახმარების გარეშე მხოლოდ ის პირები დარჩებიან, რომლებსაც, მელიას თქმით, წელიწადში 40 ათას ლარი და მეტი შემოსავალი აქვთ. ამას გარდა, წარმოდგენილი გეგმით, 18 წლამდე ბავშვები 500 ლარს მიიღებენ.

“თებერვალში იფეთქა კრიზისმა, ანუ ზამთარი იყო. დამთავრდა ზამთარი, მარტი მოვიდა, აპრილი, მაისი სრულდება და ჯერ [დახმარება] არ არის. ეს არის ზუსტად დათვლილი პროგრამა… ეს არის პროგრამა, თუ როგორ და რანაირად უნდა გაუმართო ხელი საკუთარ ხალხს. ამიტომ, სწრაფი ფულადი დახმარება ყველას. ჩვენ ამ პროგრამისთვის ვიბრძოლებთ ყველა სოფელში, ქალაქში და ამას გავაკეთებთ ყოველდღე, რათა ეს დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ადამიანებამდე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ უთხრა, რომ მათი გეგმით დახმარება მოქალაქეებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული 1.5 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში უნდა მიეცეთ. გოცირიძე განმარტავს, რომ მთავრობისგან განსხვავებით, სხვადასხვა დახმარებაზე, როგორებიცაა ფერმერებისთვის ჰექტარზე გამოყოფილი თანხა, ასევე, რამდენიმე სასურსათო პროდუქტის სუბსიდირება, უარი თქვეს და მოსახლეობის პირდაპირ ფულით დახმარება აირჩიეს. მისივე თქმით, ენმ-ის გეგმით, მოქალაქეები დახმარებას ერთიანად აიღებდნენ.

“მთავრობის სხვადასხვა მიმართულების გაცემული დაპირების, როგორიცაა, მაგალითად, ფერმერების დახმარება და ა.შ. ამის მონეტიზაცია ხდება. უცხოეთიდან მოზიდული სასხსრები, რაზეც მთავრობა საუბრობს, 1.5 მილიარდი დოლარი მოვიზიდეთ ბიუჯეტშიო, ამ თანხით მოხდება დახმარება. ეს დაახლოებით 5 მილიარდი ლარია. აქედან 2 მილიარდი საგადასახადო შემოსავლების დანაკლისის კომპენსაცია იქნება. დანარჩენს მთავრობა სოციალურ დახმარებებზე ანაწილებს. რასაც მთავრობა ანაწილებს, აქუცმაცებს, ჩვენ ამ ყველაფერს თავი მოვუყარეთ და დახმარების ეს სისტემა შევქმენით. მაგალითად, მთავრობა რვა პროდუქტს რომ ასუბსიდირებს, ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს და მხოლოდ ფულადი დახმარება უნდა იყოს” – ამბობს გოცირიძე.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულები Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. 28 მარტს ფინანსთან მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გაცემა მაისის თვიდან დაიწყება.

თვითდასაქმებულად თვლიან ყველა პირს, ვინც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

ფინანსთა სამინისტრო თვითდასაქმებულებში პირობითად კიდევ ორ კატეგორიას გამოყოფს:

  1. ფიზიკური პირები, ვინც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად;
  2. ფიზიკური პირები, ვინც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული და არანაირად არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა;

ამას გარდა, მთავრობის პროგრამით 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ დაქირავებით დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული, შემდეგ თვეებში კი ვეღარ იღებენ. ამის გარდა, მთავრობის დახმარებების პროგრამა ითვალისწინებს ფერმერების დახმარებას, ძირითადი პროდუქტების ფასის სუბსიდირებას, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერას, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი