ახალი ამბები

არ გვაქვს საფუძველი, ანაკლიის კონსორციუმს მერვედ ვენდოთ – თურნავა

14 მაისი, 2020 • 1307
არ გვაქვს საფუძველი, ანაკლიის კონსორციუმს მერვედ ვენდოთ – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ხელახალი ტენდერის გამოცხადების პროცესი პანდემიამ დროებით შეაფერხა, თუმცა ის აუცილებლად გამოცხხადდება.

თურნავას განმარტებითვე, მთავრობის მიზანია იმ საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოყვანა, რომლებმაც წარმოების გადატანაზე ფიქრი პანდემიის პირობებშივე დაიწყეს. აქედან გამომდინარე, პორტები იქნება ის ერთ-ერთი უპირატესობა, რაც მინისტრის მტკიცებით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ექნება. შესაბამისად, Covid-19-მა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

“პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია აწყობილი იქნება იმაზე, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, რადგან ბევრი გლობალური კომპანია საკუთარი წარმოების ადგილს ცვლის. ანუ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან ხდება წარმოების გადატანა. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად,  შავ ზღვაზე გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა  იქნება. აქედან გამომდინარე, პოსტკორონავირუსის პერიოდში მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის, ასევე ანაკლიის პორტს”,-ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე და ცალსახად თქვა, რომ მთავრობა პორტის ინვესტორს “მერვერჯერ ვერ ენდობა.” პროექტის ყოფილმა ინვესტორმა, რომელთანაც მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში ცალმხრივად გაწყვიტა, პორტის აშენების სურვილი რამდენიმე დღის წინ კვლავ გამოთქვა.

“რა თქმა უნდა, ტენდერს გავმართავთ [ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე], ამაზე პანდემიამ ხელი შეგვიშალა. პირველივე შესაძლელობისთანავე განვაახლებთ საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობას და ტენდერს აუცილებლად გავმართავთ. კონსორციემს მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში, და ეს ვადები 7-ჯერ გადავუწიეთ, პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ამ წუთში არ გვაქვს საფუძველი, რომ კონსორციუმს მერვედ ვენდოთ”,-ამბობს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი