ახალი ამბები

არ ველოდებით, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება – პაატა იმნაძე

13 მაისი, 2020 •
არ ველოდებით, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ზაფული და შემოდგომა, კორონავირუსის გავრცლების თვალსაზრისით, შედარებით, მშვიდი იქნება.

შესაბამისად, ცენტრი არ ელოდება, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში ვერ აღდგება.

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით.

თუმცა, სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები – კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუ ჩვენ არ გვექნა ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისთვის და თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებმოსალოდნელია ზამთრისთვის იყოს, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო ცუდი სცენარისთვისაც,“ – ამბობს პაატა იმნაძე დღეს 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმაც. მისი თქმით, ვირუსის შეჩერების ერთადერთი საშუალება პრევენციული ღონისძიებაა.

„სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შემოდგომის სეზონისთვის მზად უნდა იყვნენ, რათა სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, ბავშვებს კი უნდა გამოუმუშაონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები,“- ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

29 თებერვალს, სამინისტრომ პირველად თქვა, რომ კორონავირუსის გამო სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გასტანს.

თუმცა, ვირუსის გავრცელების მასშტაბის ზრდასთან ერთად, სასწავლებლები, მათ შორის, სკოლები და უნივერსიტეტები, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. ამ დრომდე სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი არ აღდგენილა.


ბოლო მონაცემები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 647
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4461
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი