ახალი ამბები

ესპანეთში 113 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

13 მაისი, 2020 • 1146
ესპანეთში 113 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

113 წლის ქალი, რომელიც ესპანეთში ყველაზე ხანდაზმულ ქალად მიიჩნევა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, იუწყება BBC.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, მარია ბრანიასს დაავადება მარტში დაუდგინდა. მან იზოლაციაში რამდენიმე კვირა გაატარა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, რადგანაც დაავადებამ მსუბუქი ფორმით ჩაიარა. 12 მაისს დადგინდა, რომ იგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

„ახლა ის კარგადაა, ბრწყინვალედ გრძნობს თავს, უნდა ლაპარაკი, ახსნა, საკუთარი თავის გამოხატვა. კვლავ ფორმაშია“, — წერს ბრანიასის შვილი „ტვიტერში“.

მარია ბრანიასი 1907 წელს მექსიკაში დაიბადა, 2 წლის შემდეგ მისი ოჯახი სან-ფრანცისკოში გადავიდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს ჟურნალისტ მამასთან ერთად ესპანეთში, კატალონიის პროვინცია ჟირონაში ჩავიდა. ჰყავს სამი შვილი — ერთ-ერთი მათგანი უკვე 86 წლისაა, 11 შვილიშვილი, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 60 წლისაა, და ასევე 13 შვილთაშვილი.

ესპანურ მედიასაშუალება La Vanguardia-სთან საუბარში ბრანიასმა 2019 წელს განაცხადა, რომ „სიცოცხლის გარდა არაფერი უკეთებია“.

ბრანიასი, რომელმაც უკვე კორონავირუსიც დაამარცხა, დღევანდელი პანდემიის გარდა მოესწრო 1918-19 წლების „ესპანური გრიპის“ პანდემიასაც, 1936-39 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომს, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი