ახალი ამბები

Facebook-მა რამზან კადიროვის „ინსტაგრამი“ დაბლოკა

13 მაისი, 2020 • 1434
Facebook-მა რამზან კადიროვის „ინსტაგრამი“ დაბლოკა

კომპანია Facebook-მა, რომელსაც აგრეთვე ეკუთვნის სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“, წაშალა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინსტაგრამის ანგარიში, იუწყება რუსული მედია.

როგორც РБК წერს, ანგარიშის წაშლის მიზეზი კადიროვის მიმართ დაწესებული სანქციებია. რუსეთის მთავრობის წევრების მიმართ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა სანქციები დააწესეს მოსკოვის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო აგრესიისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ.

„როგორც ამერიკული კომპანია, ვმოქმედებთ აშშ-ის სანქციური კანონმდებლობის ფარგლებში და მუდმივად ვიღებთ ზომებს სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, წავშალეთ იმ პირის ანგარიშები, რომელზეც სანქციებია დაწესებული. მსგავს ანგარიშებთან ადრეც ასე ვმუშაობდით“, — განუცხადა РБК-ს Facebook-ის წარმომადგენელმა.

კადიროვის ანგარიშის მისამართზე შესვლისას გვხვდება გაფრთხილება, რომ გვერდი ხელმისაწვდომი არაა და ამის მიზეზი არასწორი ბმული ან ანგარიშის ბლოკირებაა.

თავად კადიროვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


რამზან კადიროვს ხშირად ადანაშაულებენ ჩეჩნეთში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. განცხადებები, სადაც სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებაა, კადიროვს არაერთხელ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი