ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ტრილემა მშვიდობას, ომსა და დარეგულირების პროცესს შორის ყარაბაღში

13 მაისი, 2020 • 2821
რუსეთის ტრილემა მშვიდობას, ომსა და დარეგულირების პროცესს შორის ყარაბაღში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ანალიტიკოსი, ერევანი


გლობალური პოლიტიკა განსხვავებულია რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის აღქმაში. პირველი — განსხვავდება მასშტაბი. რუსეთს, დასავლეთისგან განსხვავებით,  მხოლოდ რეგიონალურ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2020 წლისთვის მსოფლიოს მშპ-ის მხოლოდ 3% მოდის რუსეთზე, კოლექტიურ დასავლეთზე კი (აშშ და ევროკავშირი), თითქმის 31%. 

მეორე — განსხვავდება გავლენის მეთოდები. დასავლეთი იყენებს „რბილ ძალას“, პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ ბერკეტებს, რუსეთს კი სურს დომინირებდეს ამ რეგიონში (პოსტსაბჭოთა სივრცეში) ისევე, როგორც ამას XIX საუკუნის „დიდი სახელმწიფოები“ აკეთებდნენ დიპლომატიის, სამხედრო ძალის და აგენტური მუშაობის საშუალებით. 

მესამე — განსხვავდება იდეოლოგიური მიდგომა. თანამედროვე დასავლეთი დგას კარლ პოპერის ღია საზოგადოების იდეოლოგიურ მიდგომაზე; რუსეთი კონსერვატიული სახელმწიფოა. აქედან გამომდინარეობს მეოთხე გარემოება: დასავლეთი არ ცნობს საზღვრებს და საერთაშორისო საზოგადოებაზე საუბრობს. რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, სუვერენიტეტს აფასებს.

აქედან გამომდინარე, განსხვავდება რუსეთისა და დასავლეთის მიდგომაც სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონებისადმი. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა უკრაინისა (ყირიმი, დონბასი) და საქართველოს (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ტერიტორიებზე მომხდარი კონფლიქტებისას. თუმცა უთანხმოებები ვლინდება ყველა შემთხვევაში, სადაც მხარეების ინტერესები ერთმანეთთან იკვეთება, სადაც მხარეები რეგიონს საკუთარი „განსაკუთრებული ინტერესების“ დაპირისპირების ზონად მიიჩნევენ. მაგალითად, მსგავსი პრობლემები არსებობს სირიის, ლიბიისა და ვენესუელას შემთხვევებში.

დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როცა ის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ღირებულებით კომპონენტსაც იძენს. ფუნდამენტალური წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ადამიანის უფლებები (მათ შორის ერთა თვითგამორკვევის უფლება) და სუვერენიტეტი, ან ქვეყნების უფლება, ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და იყვნენ ფორმალური ალიანსების თუ არაფორმალური ვალდებულებების ერთგულნი.

ამავე დროს, დასავლეთთან ერთად, რუსეთზეა დამოკიდებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევები — ირანი და ჩრდილოეთ კორეა. აგრეთვე, რუსეთზეა დამოკიდებული სიტუაციის განვითარება უკვე ნახსენებ სირიაში, ლიბიაში, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის რიგ ქვეყნებში, ვენესუელაში და, ბუნებრივია, პოსტსაბჭოთა სივრცეში.

იქ, სადაც ძალათა ცენტრის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მხარეები ინარჩუნებენ მოლაპარაკების შესაძლებლობას. 2015 წელს, უკრაინის ირგვლივ განვითარებული უდიდესი წინააღმდეგობების დროს, რუსეთმა, ექვსეულის სხვა ქვეყნებთან ერთად (აშშ, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და ჩინეთი) მიაღწია შეთანხმებას ირანის საკითხზე — Joint Comprehensive Plan of Action (JCPOA). შეთანხმება, საბოლოო ჯამში, დაირღვა, თუმცა, აშშ-ის შიდაპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები ვერ დაემთხვა ერთმანეთს. 

კიდევ ერთი და საინტერესო შემთხვევა მოხდა მოლდოვაში, სადაც ინტერესების მოკლევადიანმა დამთხვევამ საშუალება მისცა რუსეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს, მოეგვარებინათ ფესვგადგმული პრობლემა, რაც გამოიხატა ოლიგარქ პლახოტნიუკის პოზიციების რადიკალურ შესუსტებასა და მემარჯვენე-მემარცხენე ძალების კოალიციის შექმნაში. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს შეთანხმება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესოა, როცა რუსეთისა და დასავლეთის მონაწილეობით ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემები მოგვარდა.

დღეს, სირთულეების მიუხედავად, იზრდება რუსეთისა და დასავლეთის თანამშრომლობის შესაძლებლობა უკრაინასთან დაკავშირებით, გრძელდება მოლაპარაკებები ნორმანდიულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან დიამეტრალურად აღარ განსხვავდება, ჩნდება სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ასეთ პირობებში მთავარი მოთამაშეებისთვის მარტივდება ურთიერთთანამშრომლობა.

სხვა შემთხვევებში, ამა თუ იმ მხარემ შეიძლება დათმოს პოზიციები (დასავლეთმა- სირიაში, რუსეთმა- ვენესუელაში), მაგრამ თუ ურთიერთობის საერთო ფონი ასეთი დაძაბული  არ იქნება და აუცილებელი აღარ იქნება აღქმული ნულოვანი ჯამის თამაშის ფარგლებში. ეს აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ იზრდება ორმხრივი მოქმედებების ალბათობა სხვა კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაშიც, მათ შორის- ყარაბაღში.

რუსეთის პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში

ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში რუსეთისა და დასავლეთის პოზიცია პრინციპულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. 28 წლის განმავლობაში მიდის მოლაპარაკებები ეუთოს ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე რუსეთი და დასავლეთის ქვეყნებიდან აშშ და საფრანგეთი. გარკვეულ ეტაპებზე კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წამყვან პოზიციაზე სხვადასხვა შუამავლები არიან ხოლმე —  სამივე ქვეყანას ჰქონია ამის გამოცდილება, მაგრამ დანარჩენები წინააღმდეგ არ წასულან, რადგანაც დარეგულირების პრინციპებს სამივე შუამავალი იზიარებს.

რუსეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები თავად უნდა მივიდნენ თანხმობამდე ხანგრძლივი მშვიდობისა და სიტუაციის დარეგულირების საკითხებში. შუამავლებს მხოლოდ მათი დახმარება შეუძლიათ. შეთანხმების არარსებობა განპირობებულია მხარეებს შორის რადიკალური განსხვავებით. ერთი მათგანი დაჟინებით მოითხოვს ტერიტორიულ მთლიანობას (აზერბაიჯანი), მეორე კი, ერის თვითგამორკვევის უფლებას (სომხეთი / მყრ).

ამასთან ერთად, ყველა შუამავალი დარეგულირების პროცესს უყურებს, როგორც მისთვის პოტენციურად მომგებიან წამოწყებას. პირველი — დარეგულირების პროცესში მონაწილეობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარანტიას იძლევა, მნიშვნელოვანია თავად მონაწილეობის ფაქტიც. მეორე — რუსეთს სურს, დარეგულირების პროცესში, მხარეების გასაყოფად, თავისი სამშვიდობოები განათავსოს კონფლიქტის ზონაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონში მისი ყოფნის გარანტიებს.

ყველაზე ხშირად ისმის კითხვა, სურს კი რუსეთს კონფლიქტის დარეგულირება? რუსეთის გარეთ ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთი დარეგულირებით არაა დაინტერესებული და კონფლიქტი მისთვის მომგებიანია. ეს მთლად სწორი არაა: რეალურად, რუსეთს სურს კონფლიქტის დარეგულირება, ამიტომაც მონაწილეობს მასში იმავე პრინციპებით, რომლებითაც სხვა მხარეები. გარდა ამისა, რუსეთი რეგულარულად ახორციელებს ზეწოლას ორივე მხარეზე, რათა მათ მიიღონ დარეგულირების პირობები.

აზერბაიჯანზე მიდის ზეწოლა, რომ მან აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, საბჭოთა ყარაბაღის საზღვრებში მაინც (ან მცირე ცვლილებებით — ლაჩინსკის კორიდორის და შეიძლება, ყოფილი კელბაჯარსკის რაიონის დამატებით, შაუმიანსკის რაიონის სანაცვლოდ, რომელიც მყრ-ის გამოცხადებულ საზღვრებში იყო). სომხეთისგან ითხოვდნენ იმ ტერიტორიების დათმობას, რომლებიც არ შედიოდა საბჭოთა ყარაბაღში, და იქიდან ჯარისა და დასახლებების გამოყვანას (მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ დაკავებული ტერიტორიები 1,5-ჯერ დიდია, ვიდრე თავად მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა), როგორც დიალოგის, ან სულ მცირე, პაკეტური დარეგულირების პროცესის წინაპირობას.

არცერთ მხარეს  არ აწყობს დარეგულირების შეთავაზებული ფორმატი. მაგრამ პირდაპირი ნათქვამი რომ არ გამოვიდეს, ისინი უთითებენ საკუთარ კონსტრუქციულობაზე, კონტრაგენტის არაკონსტრუქციულობაზე და შუამავლების მიერ დარეგულირების საკითხში დაინტერესების არქონაზე.

თუ მხარეები მიუახლოვდებიან კონფლიქტის მოგვარებას, შეთანხმების დადების გზაზე მათთვის დაბრკოლება იქნება არა შუამავლების, არამედ საკუთარი საზოგადოებების დარწმუნება, რომ შეთანხმება ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ეს კონფლიქტი მხარეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინტერესების ზონაშია, მაგრამ შუამავლებისთვის ეს ასე არაა. ამიტომ, თუ კონფლიქტის მხარეების შეთანხმებისთვის საჭიროა უამრავ სერიოზულ პრობლემაზე მორიგება, შუამავლებს ურთიერთგაგების მისაღწევად მხოლოდ მეორეხარისხოვანი საკითხების შეთანხმება დასჭირდებათ.

რა გავლენა ექნება კონფლიქტის დარეგულირებას რუსეთზე?

ზემოთ ხსენებული გვაჩვენებს, რომ რუსეთი არაა დარეგულირების წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს კონფლიქტის დარეგულირებაც უნდა.

ეს იმიტომ, რომ თეორიული მოსაზრებების გარდა, არსებობს სურათი, რომელშიც პრაქტიკაზე ეს კონფლიქტი ნულოვანი ჯამით თამაშია. ამ თამაშის ფარგლებში, ერთი ან სულაც ორივე მხარე კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში თავს წაგებულად მიიჩნევს. 

არსებობს დიდი ალბათობა, რომ ერთი ან ორივე მხარე ზუსტად რუსეთს დაადანაშაულებს იმ დათმობების გამო, რომლებზეც დარეგულირებისთვის წავიდნენ. სომხური საზოგადოებისთვის რუსეთი იქნება ქვეყანა, ვინც სომხებს ყარაბაღის ტერიტორია „წაართვა“. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი რუსეთი იქნება ის, ვინც ყარაბაღი აზერბაიჯანს წაართვა, თუნდაც მის საბჭოთა სივრცის საზღვრებში.

ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ურთიერთობა ორივე მოთამაშესთან გაფუჭდება, ხოლო მოგება, რომელსაც რუსეთი სტაბილურობითა და მშვიდობისმყოფელების განთავსებით ნახავდა, განეიტრალდება სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც სახელმწიფო ურთიერთობების გაუარესებით.

გარდა ამისა, როგორც არ უნდა იყოს დარეგულირებული კონფლიქტი, რუსეთის გავლენა რეგიონში შესუსტდება. თუ კონფლიქტი მართლაც ამოიწურება (რისი წარმოდგენაც რთულია სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაშიც კი), მხარეებს აღარ დასჭირდებათ ახალი შეიარაღება, რომლის ძირითადი წყაროც სწორედ რუსეთია. გარდა ამისა, რეგიონის პოლიტიკური განვითარების საკითხებში დასუსტდება უსაფრთხოების ფაქტორი. რუსეთი არის აზერბაიჯანისა და განსაკუთრებით სომხეთის „უსაფრთხოების“ მთავარი უზრუნველმყოფელი.

შესაბამისად, აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც შეიძლება NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტონ. ეს რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის დაკარგვას ნიშნავს. ჯერჯერობით NATO-სკენ მხოლოდ საქართველო ისწრაფვის და რუსეთი ახერხებს ამ ინიციატივის „დაბლოკვას“ ევროპელი პარტნიორების დონეზე. თუ ასეთ სურვილს სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოავლენენ, რუსეთს ბევრად უფრო გაუჭირდება, ხელი შეუშალოს NATO-ს შემოსვლას რეგიონში.

ამავე დროს, მოულოდნელი ომის შემთხვევაშიც, რუსეთი შეიძლება რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. სომხეთის წინაშე რუსეთს ფორმალური ვალდებულებები აქვს, რომლებიც ძალაში შედის მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გადავა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (ეს კი პრაქტიკულად გარდაუვალია). სომხეთიდან, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან, იქნება მოთხოვნა, რომ რუსეთი სომხეთს დაეხმაროს.

თუმცა ასეთი პრეტენზიები აზერბაიჯანსაც აქვს. აზერბაიჯანი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მხარდაჭერის მიღებაზე მუშაობს. თუმცა, თურქეთისგან პირდაპირი მხარდაჭერისა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ რესურსების ასიმეტრიის გათვალისწინებით, ბაქო რუსეთის ნეიტრალიტეტითაც დაკმაყოფილდება.

სომხეთის მხარეზე ჩარევით რუსეთი გაიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან. ასეთი ჩარევა არ მომხდარა 1990-იან წლებში, მაგრამ თუ ახლა ომი იქნება, ამისგან თავის არიდება რთული აღმოჩნდება. ჩაურევლობით, ნეიტრალიტეტითა და, მით უმეტეს, აზერბაიჯანის ნაწილობრივი მხარდაჭერით (იარაღის მიყიდვის სახით) რუსეთი ურთიერთობას გაიფუჭებს სომხეთთან.

ორივე შემთხვევაში, ურთიერთობები გაფუჭდება და მათი ბოლომდე აღდგენა ვერ მოხერხდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ომის არდაშვებაში, რათა  რთული არჩევანის წინაშე არ დადგეს. 2016 წლის აპრილის შემდეგ, როცა მასშტაბებში შეზღუდულ სამხედრო შეჯახებას ჰქონდა ადგილი, სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუარესდა და დღემდე არ გაუმჯობესებულა ბოლომდე. 

რუსეთის ტრილემა მშვიდობას, ომსა და დარეგულირების პროცესს შორის

რუსეთი აქტიური მონაწილეა იმ სამშვიდობო პროცესისა, სადაც მისი პოზიციები პრაქტიკულად ემთხვევა დასავლელი შუამავლების მიდგომებს. რუსეთი აგრეთვე არის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტის მოდერატორი და არეგულირებს ძალთა ბალანსს იარაღის მიწოდებით. ამავე დროს, ზუსტად რუსეთს მიიჩევენ დამნაშავედ კონფლიქტის საბოლოო დაურეგულირებლობაში იმ ქვეყნებში, რომლებსაც კონფლიქტი აქვთ. 

ამგვარად, რუსეთი ხარჯავს პოლიტიკურ კაპიტალს როგორც კონფლიქტის გაყინვის, ასევე, მისი გალღობის დროს.

სტატუს-კვო და მისი ცვლილებაც რუსეთისთვის პოლიტიკური პრობლემაა. თუმცა სტატუს-კვოს ცვლილება პოტენციურად უფრო მეტ რისკს ქმნის, ამიტომ რუსეთის პოზიცია ამ შემთხვევაში ლოდინია.

რუსეთს ომი არ სჭირდება, მას მოჰყვება არა მარტო უკონტროლო ჰუმანიტარული შედეგები (მათ შორის ასიათასობით ლტოლვილის ტალღა), არამედ მხარეებთან ურთიერთობის გაფუჭება. რუსეთს არ სჭირდება არც საბოლოო მშვიდობა, რომლის გამოც რუსეთის გავლენა შესუსტდება. ამავე დროს, რა თქმა უნდა, საბოლოო მშვიდობა რუსეთისთვის ომზე უკეთესია, მაგრამ მის მისაღწევადაც რუსეთს დასჭირდება სერიოზული პოლიტიკური კაპიტალის დახარჯვა.

ამჟამინდელ სიტუაციაში ბალანსი იმდენად სარისკოა, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, ამაზე თავად არ წავა, მაგრამ არ იქნება წინააღმდეგი, თუ მხარეები თავად შეთანხმდებიან — მედვედევის პრეზიდენტობის დროს, 2008-11 წლებში ხომ იყო საბოლოო დარეგულირების სერიოზული მცდელობა.

ამიტომ სამშვიდობო პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ სანამ მხარეები თავად არ შეთანხმდებიან, მათ დიდად არც დააძალებენ. ნიადაგი ასეთი შეთნახმებისთვის ჯერ არ არის, მაგრამ ბოლო ორი წლის დიალოგი ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. მოლოდინი, რომ რუსეთმა უნდა დახარჯოს პოლიტიკური კაპიტალი ერთ ან ორივე მხარეზე ზეწოლისთვის, არ ითვალისწინებს იმ ვითარებას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მხარს დაუჭერს არა იმ შეთანხმებას, რომელიც აწყობს ერევანს ან ბაქოს, არამედ იმას, რომელიც აწყობს მოსკოვს.

სანამ ომის ფასი კონფლიქტის დარეგულირების ფასზე დიდია, მოლაპარაკებები გაგრძელდება. სანამ მშვიდობის ფასი, მათ შორის აქტიური მშვიდობისმყოფელობის პროცესისას, ომისკენ გადასვლის სხვადასხვა რისკი სტატუს-კვოს შენარჩუნების ფასზე დიდია, შენარჩუნდება სტატუს-კვო. ეს ყველაფერი კრემლში კარგად იციან.

მასალების გადაბეჭდვის წესი