ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე – კალაძე

13 მაისი, 2020 • 3305
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის შემდგომ, მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა.

დღეს, 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად ჭავჭავაძეზე ასფალტის ბოლო ფენას აგებენ.

რაც შეეხება ავტობუსის გაჩერებას, რომელიც მერიამ გამზირის შუაში დაამონტაჟა, კალაძე განმარტავს:

„თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება და ის, რაც ჩვენ ვთქვით 2 წლის წინ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ქალაქში ყველაზე სწრაფი, ეს, რა თქმა უნდა, არის იმ პოლიტიკის ნაწილი.

ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ ანალოგიური პროექტების განხორციელებას, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე. ადამიანებმა, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ უნდა მოახერხონ კომფორტულად მგზავრობა“, – ამბობს კახა კალაძე.

მანამდე მერიაში დაადასტურეს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის. უწყებაში ნეტაგზეთს უთხრეს, რომ იგივე იგეგმება გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებისთვისაც.

ვრცლად წაიკითხეთ:

ჭავჭავაძის გარდა ავტობუსები მოძრაობის საპირისპიროდ ივლიან გლდანშიც

მასალების გადაბეჭდვის წესი