ავიაკომპანია Ryanair-ის რეისებით მგზავრობისას საპირფარეშოში შესასვლელად მგზავრებს ნებართვის მიღება დასჭირდებათ, იუწყება „გარდიანი“. როგორც გამოცემა წერს, ეს კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ახალ კორონავირუსს ეხება.
„გარდიანის“ ცნობით, ავიაკომპანია იმედებს ამყარებს, რომ ივლისში ფრენების 40%-ის აღდგენას შეძლებს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპაში შეზღუდვები მოიხსნება.
Ryanair აპირებს, რომ პირველი ივლისიდან დღეში თითქმის 1000 ფრენა განახორციელოს და პანდემიამდე არსებული მარშრუტების ქსელის 90% აღადგინოს. პანდემიამდე კომპანია დღეში 2400 ფრენას ახორციელებდა.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოუწოდა მგზავრებს, აეროპორტში წასვლამდე ტემპერატურა გაიზომონ, check-in ონლაინ რეჟიმში გაიარონ და ჩასხდომის ბარათი სმარტფონში გადმოწერონ. გარდა ამისა, როგორც „გარდიანი“ იუწყება, მოგზაურებს აეროპორტში კიდევ ერთხელ გაუზომავენ ტემპერატურას. მათ აგრეთვე მოუწევთ, პირბადეები (ნიღბები) ატარონ, ხელები დაიბანონ და ტერმინალებში არსებული სანიტაიზერები გამოიყენონ.
უკვე თვითმფრინავში შესაძლებელი იქნება წინასწარ შეფუთული საკვების ყიდვა, თუმცა, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. საპირფარეშოსთან რიგის მოწყობის პრევენციისთვის მასში შესასვლელად ნებართვა იქნება საჭირო — ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება „მოთხოვნისამებრ“ მოხდება. შეძლებისდაგვარად, მოხდება ფიზიკური დისტანცირების წახალისება.
გარდა ამისა, შემცირდება ბარგის შემოწმება, ხოლო თვითმფრინავი ყოველ ღამე გაიწმინდება ქიმიური საშუალებებით, რომლებიც ეფექტს 24 საათზე მეტხანს ინარჩუნებს. როგორც კომპანია ამბობს, ეს იქნება იგივე საშუალება, რომელსაც რეანიმაციულ განყოფილებებში იყენებენ.