ახალი ამბები

ვუჰანის ყველა მცხოვრებს COVID-19-ზე ტესტს ჩაუტარებენ

12 მაისი, 2020 • 883
ვუჰანის ყველა მცხოვრებს COVID-19-ზე ტესტს ჩაუტარებენ

ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post-ის ცნობით, ქალაქ ვუჰანის ყველა მცხოვრებს COVID-19-ზე ტესტს ჩაუტარებენ.

როგორც გამოცემა წერს, ქალაქის ხელისუფლებამ, სადაც კორონავირუსი თავდაპირველად, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, გადაწყვიტა, ქალაქში მცხოვრებ 14 მილიონ ადამიანის ტესტი 10 დღის ვადის განმავლობაში ჩაუტარონ. ტესტირება ჩაუტარდებათ როგორც ქალაქში მუდმივად, ასევე, დროებით მცხოვრებ ადამიანებს.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ პირველად 3 აპრილის შემდეგ ვუჰანში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა — რაიონ სანმინში თავდაპირველად კორონავირუსი ჯერ ერთ ადამიანს დაუდგინდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ 5 000 ადამიანს ჩაუტარა ტესტირება და 5 ახალი შემთხვევა გამოავლინა.

პირი, რომელსაც კორონავირუსი ახალი კლასტერიდან პირველს აღმოაჩნდა, South China Morning Post-ის ცნობით, 89 წლის მამაკაცია, რომელსაც დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ მარტში ჰქონდა, მაგრამ ვირუსი მხოლოდ ახლა დაუდასტურდა.


ჩინეთში, სადაც კორონავირუსის პანდემია თავდაპირველად დაიწყო, ოფიციალური ცნობებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შიდა გადაცემის შემთხვევები, ფაქტობრივად, არ ფიქსირდებოდა, ხოლო ახალი ინფიცირებულები საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში კორონავირუსის სულ 84 011 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 637 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 79 208. ამგვარად, ჩინეთში COVID-19-ის მხოლოდ 126 აქტიური შემთხვევა რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი