ახალი ამბები

მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ – მინისტრი რაჭის ჰესების კრიტიკაზე

12 მაისი, 2020 • 2198
მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ – მინისტრი რაჭის ჰესების კრიტიკაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ რაჭაში, ონში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის კრიტიკა დეზინფორმაციას ეფუძნება და მას შეიძლება “მოღალატეობრივიც ვუწოდოთ”.

მინისტრის თქმით, ონის კასკადის მშენებლობა მთების აფექებას არ ითვალისწინებს და არც მდინარე რიონის დაკარგვა მოჰყვება, როგორც ამას ჰესების კრიტიკოსები ამბობენ.

მიმდინარე წლის მარტში სამინისტრომ ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა გასცა. მინისტრის განმარტებითვე, რიონი წყალუხვი მდინარეა. ამის გათვალისწინებით სამინისტრო მის “მილში მოქცევას” მხარს არცერთ შემთხვევაში არ დაუჭერდა, შესაბამისად, “რიონი თავის კალაპოტს ინარჩუნებს.”

“ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა, იმგვარი დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლო განცხადებები [გაკეთდება] გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ. რადგან [განცხადებები] მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის, ონის მოსახლეობის… ამ დეზინფორმაციის მიზანი რაჭის მოსახლოების შეცდომაში შეყვანა იყო. ყველა ფაქტი, რომელიც მოსახლეობისთვის საინფორმაციო საშულებებით იყო მიწოდებული, ტყუილია. განვმარტავ რატომ… პირველ რიგში, იქ იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი… ორივე ფაქტი ტყუილია. პროექტი ამას არ ითვალისწინებს. გარემოს დაცვის ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში 100%-ით არის გათვალისწინებული”, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას ბოროტად იყენებს და ენერგეტიკულ პროექტებზე ნებართვებს დაჩაქარებულ რეჟიმში გასცემს. ამის ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაცია ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემას ასახელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კასკადზე ნებართვა “დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე” გასცა.

ონის რაიონში, მდინარე რიონზე, 206.1 მგვტ სიმძლავრის “ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” მშენებლობის პროექტს სს “ონი კასკადი” ახორციელებს. კომპანიამ სამინისტროში ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) 2017 წლის დეკემბერში წარადგინა. გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიან ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – ონი 1 ჰესი (122.46 მგვტ) და ონი 2 ჰესი (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია.

სამინისტროში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესწავლის საფუძველზე “მწვანე ალტერნატვა” აცხადებს, რომ ორივე ჰესის ამუშავების შემთხვევაში რიონში წყალი შემცირდება:

“პროექტის თანახმად, ორივე ჰესის შემთხვევაში ძალურ კვანძებზე წყლის მიწოდება მოხდება 19 მიმყვანი გვირაბების საშუალებით და სათავო ნაგებობების ქვედა ბიეფებში მოქცეულ მონაკვეთებზე (ონი 1 ჰესის შემთხვევაში გავლენის ზონაში მოქცეული მდ. რიონის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 14.5-15 კმ-ს, ხოლო ონი 2 ჰესის პროექტის გავლენის ზონაში მოქცეული მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 9.5-10.0 კმ-ს) მოსალოდნელია მდინარის ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირება.

სხვა სიტყვებით, მდინარე რიონის დაახლოებით 25- კმიან მონაკვეთზე პროექტის ფუნქციონირების მომდევნო 50 წლის განმავლობაში წყლის რაოდენობა უკიდურესად შემცირებული იქნება. პროექტში აღიარებულია, რომ ეს ბიოლოგიურ გარემოზე მაღალი ხარისხის ზემოქმედებად უნდა ჩაითვალოს.”

ამას გარდა, ორგანიზაციის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მძიმე ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით ვიბრაციის გავრცელება და სხვა სამუშაოები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სოფელ ლაგვანთას, ვინაიდან საავტომობილო გზა, რომლითაც მძიმე ტექნიკა ისარგებლებს, გადის ამ სოფლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, გახდა შეწუხებისა და დაბინძურებისა, არსებობს შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების რისკი.

რაჭაში ჰესების მშენებლობის საკითხს დღეს, 12 მაისს გამოეხმაურა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).  ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “რაჭას ჰესები კი არა, დიდი ეროვნული პარკი სჭირდება”.

ვრცლად ნახეთ:

რაჭას ჰესები კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება – WWF კავკასიის ოფისი

მასალების გადაბეჭდვის წესი