ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რისთვის ემზადება რუსეთი ცხინვალში

12 მაისი, 2020 •
რისთვის ემზადება რუსეთი ცხინვალში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ჟურნალისტი


ცხინვალში ცვლილებები შეაქვთ კანონში, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიით სრულფასოვნად ისარგებლოს.

სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს გაუგზავნა “იარაღის შესახებ” ახალი კანონპროექტი.

არსებული კანონისგან მისი მთავარი განსხვავება მდგომარეობს ერთ აბზაცში, რომელიც განსაზღვრავს ტერმინს “სამსახურებრივი იარაღი”. ეს არის “იარაღი, რომელიც გათვალისწინებულია თანამდებობის პირებისთვის”, ასევე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის, რომელთაც სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით აღნიშნული იარაღის შენახვისა და გამოყენების უფლება აქვთ თავდაცვისა ან “მილიციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დროს.

ეს იმას ნიშნავს, რომ “იარაღის შესახებ” კანონი ტაბელური იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს აღნიშნული ცენტრის რუს პოლიციელებს.

ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა ცალკე პუნქტად ჯერ კიდევ 2015 წელს იყო გაწერილი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საინტეგრაციო შეთანხმებაში, რომელიც პროექტის სტადიაში ფართოდ განიხილებოდა ოსი საზოგადოების მიერ და საკამათოც კი გახდა.

შეთანხმების აღნიშნულმა პუნქტმა მაშინ ბევრი ადამიანი შეაშინა ცხინვალში. საზოგადოება გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ რუს პოლიციელებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დიდი უფლებამოსილება ენიჭებოდა.

თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმხანად იმით დააშოშმინა საზოგადოება, რომ იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება მხოლოდ კრიმინალისტიკის დარგის ექსპერტ-კონსულტანტებს ექნებოდათ, რომელთა ამოცანაც ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება იყო, რუსი სპეციალისტების დახმარებით კი, ცხინვალს წვდომა ექნებოდა რუსეთის შსს-ს ბაზებთან და, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი კოორდინირებულად იმოქმედებენ.

მაშინ ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ მათ [რუს კონსულტანტებს] არ ექნებოდაათ უფლება, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერტიული საქმიანობა ეწარმოებინათ, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის პრინციპებსა და რუსულ კანონმდებლობას, რომელიც შსს-ს თანამშრომლებს უკრძალავს ოპერატიულ საქმიანობას სახელმწიფო საზღვრებს მიღმა.

ეს იყო ხუთი წლის წინ. ამჟამად კი “კონსულტანტებს” იარაღი ექნებათ და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სრულ უფლებებს მიანიჭებენ.

მართალია, ისინი ჯერ არ არიან ბევრნი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი უფლებამოსილება ფართოვდება და სადამდე მივლენ, მხოლოდ ამის მარჩიელობა შეიძლება.

აშკარაა, რომ საქმე ეხება კიდევ უფრო მეტი კონტროლის დამყარებას მცირე ტერიტორიაზე, რომელსაც პროკრემლისტური ექსპერტებიც კი გადაჭარბებულს უწოდებენ.

დღეს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ყველა მნიშვნელოვან სფეროს აკონტროლებს – სპეცსამსახურებს, თავდაცვას, საბიუჯეტო საშუალებების ხარჯვას, ადგილობრივი ელიტების კონტაქტებს და საარჩევნო პროცებსაც კი [პოტენციური კანდიდატების შერჩევას].

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ასეთი ტოტალური კონტროლი გამართლებულია – პირველ რიგში, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც მაღალ ტერიტორიებზე მდებარეობს, თბილისიდან ერთი საათის სავალშია და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აკონტროლებს სტრანსკავკასიურ მაგისტრალს (ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც ცხინვალის რეგიონს როკის გვირაბით რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს) და ნავთობსადენს “ბაქო-ჯეიჰანი”.

მეორე, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ოფშორის საშუალებით, სამხრეთ ოსეთის სახელით, დონბასის ფინანსური მხარდაჭერა ხდება.

ასე რომ, მოსკოვს არაფერში სჭირდება აქ რაიმე მოულოდნელობები და მზადაა კარგად გადაიხადოს თანამშრომლობისთვის – ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო დაფინანსება სამხრეთ ოსეთში 20-ჯერ მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში.

თუმცა ტოტალური კონტროლის თვალსაზრისითაც მილიციის საქმიანობაში ჩარევა აზრს მოკლებულია 53 ათასიანი მოსახლეობის ტერიტორიაზე [ფაქტიურად უფრო ცოტაა – 35-40 ათასი].

ადგილობრივი შსს-ს კვალიფიკაციის დაბალი დონე ალბათ არავისთვისაა საიდუმლო და თანამშრომლების კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და სამართლებრივი კულტურის საჭიროებაზე არაერთხელ ყოფილა მინიშნება. თუმცა, ამავე დროს, სამხრეთ ოსეთში დღესდღეობით არ არსებობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც რუსეთს რაიმე ზარალს მიაყენებდა.

ერთადერთი ლოგიკური ახსნა ისაა, რომ ეს არის მისაღები ზომების კომპლექსის ნაწილი, რომ მომზადდეს საერთაშორისო ტრანზიტი სამხრეთ ოსეთის გავლით.

მოსკოვისთვის ეს არამხოლოდ სატრანსპორტო მიმოსვლაა. თავისი არსით, ეს არის გზა “რომისკენ” – პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალება, რუსეთის გავლენის გავრცელება მთელ სამხრეთ კავკასიაზე.

სამხედრო-საქართველოს გზა ამ პერსპექტივებს არ პასუხობს, ვინაიდან უკვე ვერ წვდება ზაფხულის პერიოდში სატრანპორტო ნაკადს, ზამთარში კი ხშირად დაკეტილია უამინდობის გამო.

ოფიციალური თბილისი მსგავს ვერსია-განხილვებს ცალსახად უყურებს და ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რაიმე ტრანზიტზე საუბარი არც იქნება.

აფხაზებიც ასევე კატეგორიული წინაააღმდეგი არიან საქართველოსთან საავტომობილო ან სარკინიგზო მიმოსვლისა და მასში საკუთარი დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს ხედავენ.

თუმცა, აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და, შესაბამისად, მსოფლიოში საკუთარ მომავალს ხედავენ მხოლოდ რუსეთში, ეკონომიკურ განვითარებას კი- ამ ერთადერთ სატრანსპორტო არტერიაში. სამხრეთ ოსეთში ბევრს ახსოვს ერგნეთის ბაზრობა და ამჟამადაც ვაჭრობაზე ოცნებობენ.

მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოსთან სურს სატრანსპორტო კორიდორების 2011 წლის შეთანხმების სწრაფი იმპლემენტაცია.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის უბრალოდ ფორმალური თანხმობა შეთანხმების პირობების შესრულების მზაობაზე, რომელიც რუსეთმა ვტო-ში შესვლის წინ მიიღო.

ათეულობით მილიარდი რუბლი უკვე დახარჯულია ტრანსკავკასიური მაგისტრალის რეკონსტრუქციაზე. როკის გვირაბი ყველაზე მაღალი სტანდარტებით არის გადაკეთებული, მისი ფართობი 65-დან 75 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, რათა უფრო დიდი ტვირთი გატარდეს.

მხოლოდ 2020 წელს მშენებლობაზე გამოყოფილია 2 მილიარდი რუბლი. გაცხადებულ გეგმებში შედის ასევე უწყვეტი და უსაფრთხო სატრანპორტო მიმოსვლა მთელი წლის განმავლობაში.

დანახარჯების მოცულობა არანაირად არ ჯდება იმ ლოგიკაში, რომ აღნიშნული თანხა სამხრეთ ოსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლისთვის არის გამოყოფილი, აშკარაა, რომ საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტს.

ორი წლის წინ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა შეთანხმება გააფორმა “როსნეფტთან” ექვსი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტრანზიტის გარეშე კი ამ მშენებლობას არანაირი აზრი აქვს, რადგან შიდა მოხმარებას საკუთარი ავტოგასამართი სადგურებიც უზრუნველყოფს.

ავტობანიდან ჩამოაშორეს ოსი მებაჟეები. 2016 წელს რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერეს საბაჟო ტვირთის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ძალაში 2020 წელს შევიდა. ის ითვალისწინებს საბაჟო პოსტების გაერთიანებას რუსული დროშის ქვეშ, აღრიცხვის ავტომატიზირებას და საბაჟო კავშირის სტანდარტებზე გადასვლას.

აქამდე საბაჟო კონტროლი სამხრეთ ოსეთის სპეციფიკით ხორციელდებოდა. საუბარია იმ ტვირთის გადაადგილების სქემაზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის საბითუმო ბაზებიდან სამხრეთ ოსეთის საცალო სავაჭრო ქსელში ხვდებოდა.

ეს დაახლოებით გამოიყურებოდა ასე: სატვირთოს ჩამოჰქოდა ტვირთი, რომელიც გაფორმებული იყო ათობით ფიზიკურ პირზე. ამჟამად საბაჟო პოსტზე ტვირთის გაფორმებას საბაჟო კავშირის მოთხოვნების შესაბამისად ითხოვენ, რაც თავის მხრივ, გაფორმების ფასს სამჯერ ზრდის.

აღნიშნულმა სიახლეებმა სამხრეთ ოსეთის შიგნით სკანდალი გამოიწვია, პრეზიდენტი ბიბილოვი კი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მოსკოვში ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. აქვე ისმის კითხვა: რაში სჭირდება მოსკოვს ახალი რეგულაციები, თუკი საუბარი არ არის სამხრეთ ოსეთის ტრანზიტისთვის მზადებაზე?

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი ტრანზიტისთვის მზადების კომპლექსში არის ის, თუ ვინ იქნება გზებზე წესების დაცვის გარანტორი. გასაგებია, რომ სამხრეთ ოსეთის გარანტიებით არავინ გამოიყენებს ამ გზას. შესაბამისად, გარანტორი იქნება რუსული სტრუქტურა, მაგალითად, რუსი პოლიციელები ტაბელური იარაღით და ოპერატიული საქმიანობის უფლებით.

კიდევ ერთი კითხვა: რა შეიძლება გახდეს აღნიშნული ტრანზიტის ჩაშვების მექანიზმი? მაგალითად, მისი გახსნა შეიძლებოდა ჯერ მოკლე ვადით, ზემო ლარსში ჩარჩენილი მძღოლებისა და მგზავრებისთვის. შემდეგ კი, როგორც სამხრეთ კავკასიაში ამბობენ, ვნახოთ, რა იქნება.

რუსეთს შეუძლია გრძელვადიანი გეგმების დაწყობა და ლოდინი. ხელისუფლების უცვლელობის პირობებში ეს არ არის რთული.

მიაქციეთ ყურადღება: როკის გვირაბის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, ორი წლით ადრე საქართველოსთან სატრანზიტო შეთანხმების გაფორმებამდე და რუსეთის WTO-ში შესვლამდე. კიდევ ხუთი წელი, 2015 წლიდან 2020 წლამდე, დასჭირდა რუსეთს, რომ “გაეწერა” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსი პოლიციელები და მათთვის სამსახურებრივი იარაღი მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი