ნეტგაზეთი | შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამხრეთ კორეაში ახალი კლასტერი გაჩნდა | Covid 19 შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამხრეთ კორეაში ახალი კლასტერი გაჩნდა | Covid 19 – Netgazeti

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამხრეთ კორეაში ახალი კლასტერი გაჩნდა | Covid 19

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში კლუბები და ბარები გახსნა, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს დაავადების გავრცელების მეორე ტალღაა.

ახალი კლასტერის გაჩენამდე კორეაში ეპიდემია შეჩერებულად მიიჩნეოდა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ იყო აღრიცხული მასობრივი ტესტირების მიუხედავად. 86 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ქვეყანაში სკოლების გახსნა გადაიდო.

როგორც CBS წერს, ახალ კლასტერს სამხრეთ კორეაში უკავშირებენ ბარების, კლუბებისა და რესტორნების გახსნას. მათ ფუნქციონირება აპრილის ბოლო კვირას განაახლეს. განსაკუთრებით ბევრი ხალხი სეულის ერთ-ერთ უბანში – იტეუანში შეიკრიბა. ეს ადგილი ე.წ. ღამის აქტიური ცხოვრებითაა ცნობილი.

ერთ-ერთი პირი, რომელიც 1 მაისს კლუბში მივიდა, 20 წლის კაცია. მას თავდაპირველად სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა შემდგომ კორონავირუსი დაუდასტურდა. იმ ღამეს კაცთან ერთად იტეუანის კლუბებში დაახლოებით 6 ათასი ადამიანი იყო, აქედან 2 400-ს ინფექციონისტებმა მიაგნეს და აღრიცხეს.

მთავრობა მოუწოდებს ყველას, ვინც ამ უბანში იმყოფებდა, კორონავირუსზე შეემოწმოს.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 10 936 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც უმრავლესობა – 9 670 ადამიანი Covid 19-გან განიკურნა, 258 კი გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან