ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საპირფარეშოში ქალის დამოუკიდებლად მშობიარობის საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურად შეისწავლის.
11 მაისს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში აღწერს საქართველოს სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ გამოვლენილ დარღვევებს.
ანგარიშში მოყვანილი იყო ერთ-ერთი ფსიქიატრიული დაწესებულების ბენეფიციარის საქმე, რომელსაც დაწესებულების შენობის საპირფარეშოში დამოუკიდებლად მშობიარობა მოუწია.
ანგარიშის თანახმად, ამის მიზეზი გახდა ის, რომ დაწესებულების პერსონალმა, მათ შორის გინეკოლოგმა, ვერ მოახერხა მისი ორსულობის დადგენა. აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწესებულებაში მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქალმა ორსულობის 36-37-ე კვირაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 11 მაისს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე შეეხება მედიკამენტების გვერდით მოვლენებსაც და იმასაც, თუ რამდენად გამოიწვია ამან გარკვეული ზემოქმედება ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
„ხილული დაზიანებები ბავშვს არ ჰქონია, მაგრამ საჭიროა ზოგადად მეტად ღრმა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი გამოიწვია მეთვალყურეობის გარეშე ჩავლილმა ორსულობამ, რადგან აშკარაა ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრამდეც ქალბატონი მეთვალყურეობის გარეშე იყო და ამდენად, სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია“, – განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, „მთელ გზაზე იკვეთება პრობლემები მანამდე, ვიდრე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა, იმასთან დაკავშირებით რამდენად რეალურად შედგა გინეკოლოგის კონსულტაცია და თუ შედგა, რამ გამოიწვია ის, რომ გინეკოლოგმა ვერ დაადგინა ასეთი, გარკვეულწილად მარტივად დიაგნოსტირებადი მდგომარეობა, განსაკუთრებით, თუ საქმე გვქონდა ორსულობის მაღალ ვადასთან“.
„შემთხვევა კომპლექსურად იქნება შესწავლილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობების პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში