ახალი ამბები

ისრაელმა და ავსტრიამ გამოხატეს ინტერესი – გახარია საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენაზე

8 მაისი, 2020 • 1980
ისრაელმა და ავსტრიამ გამოხატეს ინტერესი – გახარია საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების შემოყვანის საკითხზე სხვადასხვა ქვეყანას ესაუბრებიან და ისრაელიდან და ავსტირიიდან თანამშრომლობის ინტერესი უკვე არსებობს. პრემიერმა ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ისაუბრა. გახარიას თქმით, საქართველო დაელოდება UNWTO უსაფრთხოების წესებს, რათა ქვეყანა ჯერ შიდა, შემდგომ კი საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნას.

“გლობალური კონკურენცია ხვალ და ზეგ როგორი იქნება, ესეც კარგად გვესმის. იქნება მაღალი კონკურენცია. შესაბამისად, გვესმის, რომ ეპიდემიის რისკი არის და ყოველთვის ვამბობ, რომ გახსნის ეს გრაფიკი და რეჟიმი, რომელიც გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ.

თვე-ნახევარი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტურქტურა მოვამზადოთ. კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო… ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს საერთაშორისო დონეზე, რას გამოაცხადებთ ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა წესები იქნება დასაცავი. ჩვენი საელჩოები ესაუბრებიან სახელმწიფოებს, ისრაელმა უკვე გამოთქვა რაღაც ინტერესი, ავსტრიიდან არის ინტერესი, ასევე, მეზობელი ქვეყნებიდან”, – აცხადებს გახარია.

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან მზად იქნება, უცხოელი ტურისტები მიიღოს. 1-ლი ივლისიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საზღვარზე დაწესდება კონტროლი და თითოეული შემომსვლელი ადამიანის შემოწმებას COVID-19-ზე 1 საათზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის კონტროლზეა საუბარი. მთავრობის განცხადებით, მოგზაურობის უსაფრთხოების გაიდლაინი საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 7 მაისს აღნიშნა, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გაიხსნება “უსაფრთხო დერეფნების” შესაბამისად, რაც გულისხმობს საზღვრის გახსნას არა ყველა ქვეყნისთვის, არამედ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიოლოგიური კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა დამატებით კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუ რა მექანიზმით იმუშავებს სისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი