ახალი ამბები

კოლექტიური იმუნიტეტი 2020 წელს ვერ მიიღწევა — ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები

8 მაისი, 2020 •
კოლექტიური იმუნიტეტი 2020 წელს ვერ მიიღწევა — ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის ფაკულტეტის პროფესორების – დეივიდ დოუდისა და გიფსიამბერ დ’სოუზას – მოსაზრებით, “სახიფათო შეცდომაა” მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსთან დაკავშირებით კოლექტიური იმუნიტეტი, შესაძლოა, 2020 წელს ჩამოყალიბდეს.

„შეშფოთებით ვუსმენდით მცდარ აზრებს, რომ კოლექტიურმა იმუნიტეტმა შესაძლოა, „მალე შეანელოს“ COVID-19-ის გავრცელება. მაგალითად, რაშ ლიმბომ [ამერიკელი კონსერვატორი ტელეწამყვანი] ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კოლექტიური იმუნიტეტი კალიფორნიაში ჩამოყალიბდა. როგორც ინფექციური დაავადებების ეპიდემილოგებს, გვსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა მოსახლეობის დონეზე 2020 წელს არ მოხდება — შესაძლებელია, მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოლაფსი“, — წერენ ისინი.

მეცნიერების განცხადებით, მართალია, მსოფლიოში კორონავირუსის 2,5 მილიონ შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული, კვლევები გვაჩვენებს, რომ (2020 წლის აპრილისთვის) ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 2-4%-ზე მეტს SARS-CoV-2 (კორონავირუსი, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს) არ აქვს. ისეთ ცხელ წერტილებშიც კი, როგორიც ნიუ-იორკია, თავდაპირველი კვლევების შედეგების თანხმად, შესაძლოა, დაავადებული იყოს მაცხოვრებელთა 15-21%. ამასთან ერთად, ნიუ-იორკის 8.4- მილიონიანი მოსახლეობიდან 17 500 გარდაიცვალა (დაახლოებით 500-დან 1 ნიუ-იორკელი), ხოლო გარდაცვალებათა ზოგადი რაოდენობა ქალაქში მიგვანიშნებს, რომ რეალური სიკვდილიანობა და ლეტალურობის დონე უფრო დიდია.

“ზოგი გამოდის „კონტროლირებადი ვოლუნტარული ინფექციის“ იდეით, მსგავსად 1980-იანი წლების „ჩუტყვავილის წვეულებებისა“. თუმცა COVID-19 100-ჯერ უფრო მეტად ლეტალურია, ვიდრე ჩუტყვავილა. მაგალითად, Diamond Princess-ის საკრუიზო გემზე SARS-CoV-2-ით დაინფიცირებულ პაციენტთა შორის ლეტალურობა იყო 1%. ის, ვინც „კორონავირუსის წვეულებაზე“ წავა, არა მარტო საკუთარი გარდაცვალების რისკს გაზრდის, არამედ მეგობრებსა და ოჯახს რისკის ქვეშ დააყენებს. COVID-19 უკვე არის აშშ-ში გარდაცვალების ნომერ პირველი მიზეზი — ის დღეში თითქმის 2 000 ამერიკელს კლავს. ჩუტყვავილას წელიწადში 150 ამერიკელზე მეტი არასდროს მოუკლავს”, – აცხდებენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორები.

მათივე თქმით, COVID-19-ისდამი კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად, დიდი ალბათობით, მოსახლეობის 70% უნდა დაინფიცირდეს. ვაქცინის გარეშე დაახლოებით 200 მილიონი ამერიკელი უნდა დაავადდეს, ამ ნიშნულამდე რომ მივიდეს მონაცემები აშშ-ში.

“სხვანაირად რომ ითქვას, თუ COVID-19-ის პანდემია აშშ-ში არსებული სისწრაფით — დღეში 25 000 დადასტურებული შემთხვევით გაგრძლდება, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს მოხდება. თუ ლეტალურობის ამჟამინდელი დონე შენარჩუნდება, იმ დროისთვის COVID-19-ით ნახევარი მილიონი ამერიკელი დაიღუპება.

ყველაფრის გახსნის ვადებზე და ფაზებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად მოწყვლადები ვართ. გაზრდილი ტესტირება დაგვეხმარება, უკეთესად გავიგოთ ინფექციის მასშტაბები, მაგრამ ნათელია, რომ პანდემია ჯერჯერობით მხოლოდ იწყება“, — წერენ ისინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი