ახალი ამბები

შეცდომაა — ზელენსკი თბილისის მიერ ელჩის გამოძახებაზე

8 მაისი, 2020 • 1678
შეცდომაა — ზელენსკი თბილისის მიერ ელჩის გამოძახებაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო „შეცდომაა“ საქართველოს მიერ უკრაინაში ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახება .

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ლუჰანსკის ოლქში ვიზიტის დროს, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„ჩვენ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ, ყველაფრის მიუხედავად, არ გამოვიძახებთ ჩვენს ელჩს უკრაინაში კონსულტაციისთვის. იმიტომ, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის სცდება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ხელმძღვანელობას. მიმაჩნია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. მგონია, რომ კონსულტაციის შემდეგ ყველა მხარე გაიგებს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ ამ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს.

არავის რომ არ ვაწყენინო, ვფიქრობ, ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა, ჩვენი შიდა პოლიტიკაა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინული პასპორტით და მე, უკრაინის პრეზიდენტმა, ის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების [საბჭოს] აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დავნიშნე. სულ ესაა“, — განაცხადა ზელენსკიმ.


7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრიანის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინაში ელჩს კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახებდა.

იქამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სააკაშვილის დანიშვნა „კატეგორიულად მიუღებლად“ მიიჩნია, თუმცა მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი