ახალი ამბები

აშშ-ში ახალგაზრდამ 135 000 დოლარი იპოვა და პოლიციას გადასცა

8 მაისი, 2020 •
აშშ-ში ახალგაზრდამ 135 000 დოლარი იპოვა და პოლიციას გადასცა

ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში მოქალაქემ ბანკის ფილიალთან დატოვებული „უპატრონო“ ჩანთა იპოვა, რომელშიც 135 000 აშშ დოლარი აღმოაჩინა, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა — თანხა, საბოლოო ჯამში, სამართალდამცავთა დეპარტამენტში აღმოჩნდა, წერს CNN.

გამოცემის ცნობით, ხოსე ნუნიეს რომანისს ბაბუამისისთვის წინდების ყიდვა სურდა, თუმცა, რადგანაც მაღაზიებში მათი ყიდვა ვერ მოხერხდა, გადაწყდა, რომ წინდებს ონლაინ-მაღაზიაში შეიძენდნენ. შესაძენად რომანისმა უახლოეს საბანკო აპარატს მიაშურა, რათა საკუთარ ანგარიშზე ფული შეეტანა.

აპარატთან, CNN-ის ცნობით, რომანისმა აღმოაჩინა ჩანთა, რომელიც „20 და 50-დოლარიანი კუპიურებით იყო სავსე“.

„არ ვიცოდი, რა მექნა. სიზმარში მეგონა თავი, უბრალდ შოკში ვიყავი. ვუყურებდი საკუთარ თავს და ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო?“, — განუცხადა მაუწყებელს რომანისმა.

მისი თქმით, ფულის დატოვებას არც აპირებდა, მაგრამ სხვადასხვა აზრები მოსდიოდა თავში: რამე მანევრი ხომ არ იყო ეს? უცებ ვინმე ხომ არ გამოჩნდებოდა და გაიტაცებდა?

გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევა კვირას მოხდა, ბანკი დაკეტილი იყო, ამიტომ ახალგაზრდამ პოლიციას მიმართა. მალევე ადგილზე ორი პოლიციელი მივიდა და რომანისმა მათ ფული გადასცა. დეპარტამენტში პოლიციელებმა თანხა დათვალეს — ჩანთაში 135 000 დოლარი იყო.

როგორც CNN წერს, ალბუკერკეს პოლიციაში დაასკვნეს, რომ ფული შეცდომის გამო ბანკის სუბკონტრაქტორმა დატოვა. ამ ფულით, წესით, ბანკომატის მოამარაგება უნდა მომხდარიყო.

„ამ ფულს შეეძლო მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეეტანა, სხვა გზაზე რომ დამდგარიყო… მაგრამ მაინც აირჩია პატიოსნების გზა და სწორი რამ გააკეთა“, — განუცხადა მაუწყებელს ალბუკერკეს პოლიციის პრეს-სპიკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი