ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ახალი დე ფაქტო მთავრობა ძველი სახეებით

8 მაისი, 2020 • 1769
აფხაზეთის ახალი დე ფაქტო მთავრობა ძველი სახეებით

“გზა დავუთმოთ ახალგაზრდებს” – ამ ლოზუნგით მიმდინარეობდა აფხაზეთის დე ფაქტო  საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას საარჩევნო კამპანია. ბჟანია ირწმუნებოდა, რომ აფხაზეთის პოლიტიკა სულ მალე ახალ სახეებს იხილავდა და ახალი იდეებით მოვიდოდა. თუმცა მისი პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ რეალობა სხვა აღმოჩნდა.

ინაუგურაციიდან მალევე აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ბჟანიამ ალექსანდრ ანქვაბი დანიშნა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას უკვე მეორედ იკავებს.

ანქვაბი პრემიერ-მინისტრი იყო 2005-დან 2010 წლამდე, სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროსაც. ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ კი მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ვერ შეინარჩუნა თანამდებობა. ანქვაბი 2014 წლის 27 მაისს ოპოზიციის ზეწოლით  გადადგა, მაგრამ პოლიტიკიდან არსად წასულა. 

2017 წელს საკუთარი კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებზეც წამოაყენა და სადეპუტატო სავარძელიც დაიკავა. სწორედ მაშინ დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ აფხაზეთის პარლამენტს შეუძლია “პრეზიდენტობის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანოს და ასაკობრივი ცენზი ანქვაბის ასაკამდე გაზარდოს, ვინაიდან, კანონის თანახმად, პრეზიდენტი 65 წელზე მეტი ასაკის არ უნდა იყოს [ანქვაბი ამჟამად 68 წლისაა].

აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში ხანგრძლივი და მწვავე დებატები დაიწყო ასაკობრივი ცენზის საკითხზე, თუმცა, პარლამენტის დონეზე ეს საკითხი აღარ გაუტანიათ. შედეგად, არჩევნებზე კანდიდატ ოლეგ არშბას გუნდი, სადაც ანქვაბი პრემიერ-მინისტრად სახელდებოდა, მეორე ტურში ვერ გავიდა. 

საპრეზიდენტო რბოლა რაულ ხაჯიმბამ და ალხას კვიწინიამ გააგრძელეს. მაშინ აქტიურად განიხილებოდა, რომ გაიმარჯვებს სწორედ ის, ვინც ანქვაბს დაუჭერს მხარს, რადგანაც მისი ავტორიტეტი აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდია. შედეგებმა კი აჩვენა, რომ ანქვაბის ფიგურა გადაჭარბებულად იყო შეფასებული – მან მხარი დაუჭირა კვიწინიას, თუმცა ხმების უმეტესობა მაინც ხაჯიმბამ მოიპოვა. 

იანვარში არჩევნების შედეგები გადაიხედა. ხაჯიმბა გადადგა. ამავე დროს, გაირკვა საპრემიერო სავარძლის ბედიც. დაიწყო ახალი საპრეზიდენტო რბოლა, სადაც ანქვაბი უშუალოდ მართავდა საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას ყველა შეხვედრას ამომრჩეველთან. 

ამომრჩეველიც ამბობდა, რომ რეალურად ანქვაბთან მიდიოდა, ბჟანია კი, რომელიც იმ დროისთვის, სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ, ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე რეაბილიტირებული, მათი აზრით, ფასადურ ფიგურას წარმოადგენდა.

2020 წლის 22 მარტს ასლან ბჟანიამ ხმათა უმრავლესობით საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ინაუგურაციამდე კულუარებში დაიწყო თანამდებობების გადანაწილების პროცესი. აშკარა იყო, რომ ანქვაბი თავისიანებს მოიყვანდა და ეკონომიკური ბლოკის ფორმირებით დაკავდებოდა. ასეც მოხდა.

ანქვაბმა პირველად  ფინანსთა მინისტრი დანიშნა. ხაჯინბას მმართველობის დროინდელი ჯანსუღ ნანბას ადგილი დაიკავა ვლადიმირ დელბამ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2011-2015 წლებშიც მუშაობდა.  დელბას წარდგენის დროს ანქვაბმა ხაზი გაუსვა მის კვალიფიკაციას და გამოცდილებას: 

“ვლადიმერ დელბა ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილია. მას მაღალი კვალიფიკაცია აქვს. იყო დრო, როდესაც ჩვენ ვიწყებდით რუსულ სტრუქტურებთან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან კონტაქტს სწორედ ვლადიმერ დელბას მონაწილეობით. ის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, რომელიც წარმატებით განახორციელებს ჩვენს პროექტებს”. 

ვლადიმერ დელბას, მისი გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებთ, ესმის, რომ რთული დრო უდგას – უნდა გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, რომლებიც ჯერ არცერთ მთავრობას არ ჰქონია.

“ამოცანები, რომლებიც დღეს დგას ფინანსთა სამინისტროს წინაშე და დღევანდელი რეალობის პირობებში, კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას და გადაჭრას მოითხოვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს ფინანსური ფუნქციონირება დინამიკურად განვითარდება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ წარდგენის დროს. 

ეკონომიკის მინისტრად ალექსანდრ ანქვაბმა კრისტინა ოზგანი დანიშნა, რომელიც ასევე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას 2005-2011 წლებში. 2014 წლამდე ის აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. ბოლო წლებში კი – “როსნეფტის” “როსნეფტაფხაზიას” გენერალური დირექტორი. 

“ტელეგრამის” ანონიმურ წყაროებზე ოზგანის მინისტრად დანიშვნა ასე აღწერეს: “ფიგურანტი დაემშვიდობა ყოველთვიურ 10 ათას აშშ დოლარს და 10 ათას რუბლზე გადავიდა. უცნაურია? არა. როგორც კი რუსული ნავთობი «Urals» 34-45 დოლარი გახდება, “აფხაზური სანავთობო პროექტიც აღდგება”.

ოფიციალურად, ახალი მინისტრთა კაბინეტიდან რაიმე განცხადება ან კომენტარი აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე არ ყოფილა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სოხუმში ალექსანდრ ანქვაბმა ღიად განაცხადა, რომ “რესპუბლიკას საკუთარი შემოსავლები სჭირდება და ოდესმე კი არა, ზუსტად ახლა, ნავთობის მოპოვებამ შეიძლება საგრძნობი მოგება მოგვიტანოს”. 

ფინანსური პრობლემების წინაშე აფხაზეთი ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთანავე დადგა. მაისის დასაწყისში აფხაზეთის ბანკომატების უმეტესობაში ფული ამოიწურა.

ბანკებმა შეწყვიტეს რუსული პლასტიკური ბარათების მფლობელთა მომსახურება, საბიუჯეტო თანამშრომლებს კი ხელფასი მაისის მეორე ნახევრისთვის გადაუვადეს. მეტწილად სიტუაცია რუსეთთან საზღვრის დაკეტვას უკავშირდება, საიდანაც აფხაზეთში პროდუქცია, ტურისტები და ფული შემოდიოდა. პრობლემის გადასაჭრელად პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ.

მთავრობის ახალ სახედ შეიძლება მივიჩნიოთ პრეზიდენტის რჩეული დიმიტრი დბარი. ყოფილმა დეპუტატმა, როგორც ოპოზიციონერმა, თავი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე გამოიჩნა და ახლა აფხაზეთის შს მინისტრის პოსტიც დაიმსახურა. 

35 წლის დიმიტრი დბარი განათლებით ეკონომისტია. ხუთი წელი აფხაზეთის უშიშროების სამსახურში იმუშავა, ასევე, –  შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2017 წელს ეროვნული კრების დეპუტატად აირჩიეს. 2019 წელს კი, საპრეზიდენტო კანდიდატ ალხას კვიწინიასთან ტანდემში მუშაობდა არჩევნებზე და ვიცე-პრემიერის პოსტზე უნდა დანიშნულიყო. 

დბარმა შს მინისტრის პოსტზე საქმიანობა დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩხრეკით დაიწყო. პატიმრებისგან ამოიღო მობილური ტელეფონები და მჭრელი საგნები. როგორც იტყვიან, აჩვენა, ვინ არის ამ სახლში ბატონი. იქამდე დრანდის ციხის გარშემო ხმები ვრცელდებოდა, რომ მილიცია ვერ შედის იზოლატორში და ვერ ახდენს რაიმე გავლენას იქ დამყარებულ წესრიგზე. 

ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ იქნება შს მინისტრის მოადგილე, ჯერ არ არსებობს. თუმცა ცნობილია, რომ ორი კანდიდატურა იხილება. ერთი – საკმაოდ ცნობილი დონბასის მებრძოლი ახრა ავიძბა, მეორე კი,  ვალტერ ბუტმა, ყოფილი შს მინისტრის, რაულ ლოლუას მოადგილე. 

წლების განმავლობაში შეუცვლელი თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია ამჟამად შვებულებაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუთანხმდა ალექსანდრ ანქვაბს, რომ ჯერ გავა შვებულებაში, შემდეგ დაბრუნდება სამსახურში, შემდეგ კი საკუთარი ნებით გადადგება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ანონიმურად კომპრომატები ვრცელდება ქიშმარიაზე, თუ რამდენი აგარაკი აქვს, რამდენ ქალთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა და რუსი ბიზნესმენის, ლემანტოვიჩის მკვლელობის მონაწილეა, მისი “საკუთარი ნებით გადადგომის” პროცესი უნდა დაჩქარდეს. თუმცა, ვინ უხელმძღვანელებს თავდაცვას, ჯერჯერობით არ საუბრობენ აფხაზეთში ამის შესახებ, ჭორის დონეზეც კი. 

ალექსანდრ ანქვაბმა  თანამდებობაზე დატოვა შრომის მინისტრი რუსლან აჯბა, გადასახადების მინისტრი დაურ ყურმაზია და ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია. 

უცნობია, ვინ დაიკავებს განათლებისა და კულტურის მინისტრების სავარძლებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტებზე ფარული ბრძოლაა ბჟანიასა და ანქვაბს შორის. ორივე მათგანს სურს საკუთარი “კაცი” დანიშნოს.

ერთ-ერთ კანდიდატურად რომელიმე ამ პოსტზე განათლების ყოფილი მინისტრი ინდირა ვარდანია განიხილება. თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ, ასლან ბჟანია ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ანქვაბს ურჩევს, საჭიროების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსად დანიშნოს და არა მინისტრის თანამდებობაზე. მეორე არაოფიციალური კანდიდატია ინა აჯინჯალია, რომელიც ანქვაბის დროს პრეზიდენტის პროტოკოლის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 

ოფიციალურად, პრემიერ-მინისტრს სამი თვე აქვს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. როგორც მიმდინარე ტემპებით ირკვევა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის ანქვაბი სრულად გამოიყენებს ამ დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი