ახალი ამბები

კორონავირუსით დაღუპული მე-10 პაციენტი 45 წლის იყო

8 მაისი, 2020 • 1396
კორონავირუსით დაღუპული მე-10 პაციენტი 45 წლის იყო

დღეს, 8 მაისს, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა. გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტი 45 წლის იყო.

როგორც ჰოსპიტალი აცხადებს, 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით 29 მარტს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე.

“პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

8 მაისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 623-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 288, გარდაიცვალა 10.

მასალების გადაბეჭდვის წესი