ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამედიცინო პერსონალი რისკის წინაშე – Covid-19 აფხაზეთში [ანგარიში]

8 მაისი, 2020 • 1386
სამედიცინო პერსონალი რისკის წინაშე – Covid-19 აფხაზეთში [ანგარიში]

საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია „კრიზისული ჯგუფის“ (International Crisis Group/ICG) ახალი პუბლიკაცია აღწერს იმ გამოწვევებს, რაც აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებასა და იქაურ მოსახლეობას უდგას Covid-19-ის პანდემიის პირობებში.

[ნახეთ ცხინვალის სიტუაციის შეფასება მოკლედ: უარი WHO-ს დახმარებაზე – Covid-19 ცხინვალში]

ორგანიზაცია წერს, რომ სამხრეთ ოსეთში უკიდურესად მძიმე ვითარებაა და, მართალია, „აფხაზეთში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, თუმცა ის კვლავ დგას არაერთი გამოწვევის წინაშე“.

მაგალითად, ცხინვალის მსგავსად, „აფხაზეთიც უჩივის სუსტ ინფრასტრუქტურას, აკლია მედიცინის პროფესიონალები და ჰყავს ასაკოვანი მოსახლეობა, — 60 წელს გადაცილებული ადამიანები მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ“.

ამასთან, დოკუმენტის ავტორების თანახმად, აფხაზეთში სამედიცინო პერსონალის თითქმის 80 პროცენტი მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება ასაკის გათვალისწინებით — სამედიცინო პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა 60 წელს გადაცილებულია.

„თუ ისინი დაავადდებიან, რეგიონი დაკარგავს ყველა ექიმს ერთი დღის განმავლობაში“, – ვინაობის დაუსახელებლად ციტირებს „კრიზისული ჯგუფი“ ერთ-ერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც რეგულარულად სტუმრობს აფხაზეთს.

როგორ უპასუხა დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიას?

ორგანიზაცია ასე აღწერს მიღებულ გადაწყვეტილებებს:

დე ფაქტო ხელისუფლებამ დაგვიანებით შემოიტანა სოციალურ დისტანცირების წესები… მთიანი ყარაბაღის მსგავსად, COVID-19-ის კრიზისი დაემთხვა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს და აქაც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თუ არჩევნების დღეს, ნიღბები ან სხვა პრევენციული ზომები არ გამოუყენებიათ.

„ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა იქამდე არ გამოაცხადა, სანამ არჩევნები არ გაიმართა. ამის შემდეგ ჯანდაცვის მუშაკებმა, პოლიციელებთან ერთად, დაიწყეს მოგზაურთა თერმოსკრინინგი (ტემპერატურის გაზომვა).

მაღაზიების უმეტესობა დაიხურა, პოლიცია, მანქანებზე დამონტაჟებული დინამიკებით, მოსახლეობას მოუწოდებდა, სახლში დარჩენილიყვნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, ადგილობრივი მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ არ ჩაეტარებინათ დაკრძალვის ხალხმრავალი ცერემონიები.

თითქმის ერთთვიანი კომენდანტის საათის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოძრაობის შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და 20 აპრილისთვის ქალაქებში ბაზრების გახსნა დაუშვა“.

დახმარება

ICG-ის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში ითხოვა საგარეო დახმარება, რის შემდეგაც:

  • გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიაწოდა აშშ–ისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეძენილი ძირითადი სამედიცინო აღჭურვილობის 12 000–ზე მეტი პაკეტი;
  • რუსეთმა სოხუმს მიაწოდა 500-მდე სატესტო კომპლექტი Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის და ჯარისკაცები გაგზავნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სადეზინფექციოდ.
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათი ადგილობრივი ოფისების დახმარებით, დე ფაქტო ხელისუფლებას მიაშველეს ავტომობილები სასწრაფო დახმარების გაწევის მიზნით და მიაწოდეს საჭირო საშუალებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციისთვის;
  • დიასპორის ფინანსური დახმრების წყალობით, სოხუმმა შეძლო დამატებითი ძირითადი სამედიცინო მარაგების შეძენა რუსეთში.

ამასთან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, ჯანმოს სპეციალისტებმა განახორციელეს საჭიროებების შეფასება სოხუმში, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მაინც ნერვიულობს.

„ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მაგრამ ნამდვილად მეტი დახმარება გვჭირდება“, – ამბობს ადგილობრივი ჩინოვნიკი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ ICG-სთან საუბარში.

„ჯერ კიდევ COVID-19 კრიზისამდე, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რომ მათი ხაზინა (რაც მეტწილად რუსეთის ბიუჯეტზეა დამოკიდებული) უკვე თითქმის ცარიელი იყო. [რუსეთის ბიუჯეტის გარდა] აფხაზეთის ეკონომიკის სხვა საყრდენებია ვაჭრობა და ტურიზმი, რომლებსაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა პანდემიამ.

ადგილობრივი ბიზნესის მდგომარეობის შემსუბუქების გეგმის ფარგლებში, ხელისუფლება საუბრობს საგადასახადო შეღავათებზე.

„ჩვენ გვჭირდება კრედიტი ან პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება, დაახლოებით 50-100 მილიარდი აშშ დოლარი, რომ მომავალ თვეებს გადავურჩეთ“, – თქვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ნახეთ ასევე:

ცხინვალის უარი WHO-ს დახმარებაზე – Covid-19 ცხინვალში [ანგარიში]

მასალების გადაბეჭდვის წესი