ახალი ამბები

ვაქცინა უდიდესი სამედიცინო აღმოჩენების სამეულშია – გამყრელიძე

8 მაისი, 2020 • 2046
ვაქცინა უდიდესი სამედიცინო აღმოჩენების სამეულშია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობაზე ისაუბრა. გადაცემაში, რომელიც Covid-19-თან ბრძოლას ეხებოდა, მას ჰკითხეს ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან კორონავირუსის ჯერ არარსებული ვაქცინის წინააღმდეგ გახმიანებულ განცხადებებზე.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაზე უკეთესი პროფილაქტიკური საშუალება სამედიცინო სფეროში ჯერ არ არსებობს და ისაუბრა დაავადებებზე, რომლებიც კაცობრიობამ ვაქცინის საშუალებით დაამარცხა ან მათი გავრცელების მასშტაბები შეამცირა.

“ჯერჯერობით კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი – ის საპროფილაქტიკო საშუალებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიხმარ სიტყვა წამალს – ჯერ არ გამოუგონია. ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით და ასეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

წარმოგიდგენიათ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არ არსებობდეს? ის ხომ 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა?

რომ არ არსებობდეს წითელას საწინააღმდეგო აცრა: წითელა 90-იან წლებში, ყოველწლიურად, 500 000 5 წლამდე ბავშს კლავდა. დღეს ეს რიცხვი 100 000-ს ჩამოსცდა და ეს ვაქცინაციის დამსახურებაა;

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პოლიომიელიტი კლავდა ყოველწლიურად 300-დან 400 ათასამდე ადამიანს. დღეს პოლიომიელიტი მხოლოდ 3 ქვეყანაშია დარჩენილი და ეს გააკეთა სავალდებულო აცრამ;

ის, რომ ყვავილი, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავდა, აღარ არსებობს, ეს გააკეთა ვაქცინამ”, – თქვა მან.

ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. ანტივაქსერული (ვაქცინების საწინააღმდეგო) მოძრაობის წევრები ვერ ეგუებიან რეალობას, რომლის თანახმადაც ვაქცინა უდიდეს სამედიცინო აღმოჩენებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.

“ანტივაქსერული მოძრაობა გლობალურია და არიან მისი მიმდევრებიც საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მაგრამ ჯერჯერობით ამ მოძრაობამ ვერ დაძლია საღი სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში”, – აღნიშნა მან.

წამყვანმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ასევე ჰკითხა, როდის შეიძლება დაიწყოს Covid-19-ის ვაქცინის შემოტანა საქართველოში, მისი შექმნის შემდეგ. გამყრელიძის თქმით, აღნიშნულზე ამჟამად საუბარი რთულია და ეს შემოდგომაზე გამოჩნდება.

მღვდელმთავარი ჯერ არშექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი