ახალი ამბები

“შიში და პოლიტიკური ამბიციები იყო” – არახამია “ოცნების” მიერ სააკაშვილის დანიშვნის კრიტიკაზე

7 მაისი, 2020 • 1943
“შიში და პოლიტიკური ამბიციები იყო” – არახამია “ოცნების” მიერ სააკაშვილის დანიშვნის კრიტიკაზე

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდოამრე დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს “ქართული ოცნების” მხრიდან “შიშს და პოლიტიკურ ამბიციებს” უკავშირებს.

რადას დეპუტატი აცხადებს, რომ ქართული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები მუქარას შეიცავდა და ასეთი რიტორიკა უკრაინისთვის მიუღებელია:

“მე შესაძლოა მკვეთრად და არადიპლომატიურად გამოვხატე ჩემი აზრიც იმ განცხადებებთან მიმართებით, რაც დაკავშირებული იყო მუქარასთან, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის და ელჩის გამოწვევასთან დკავშირებით. ასეთი რიტორიკა მიუღებელია. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლებები და თავად წყვეტენ, სად და როდის დანიშნოს.

ეს არასწორი რიტორიკა, ჩემი აზრით, იყო განპირობებული პირველი – ერთი მხრივ, იმით, რომ ახლა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია, მეორე მხრივ, იმით, რომ მათ ეშინიათ ამხელა მასშტაბის ფიგურის. ეს იყო კომბინაცია შიშის და პოლიტიკური ამბიციების”,  – ამბობს არახამია ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში.


ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი