ახალი ამბები

“ნებისმიერი სცენარი მოსალოდნელია” – არახამია სააკაშვილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე

7 მაისი, 2020 • 1522
“ნებისმიერი სცენარი მოსალოდნელია” – არახამია სააკაშვილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა უკრაინაში სამომავლოდ სხვა თანამდებობა დაიკავოს:

“ნებისმიერი სცენარი მოსალოდნელია, ჩვენ პროფესიონალი რეფორმატორების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ამიტომ, თუ სააკაშვილს ექნება კარგი შედეგები, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ექნება, ნებისმიერი სცენარი რეალურია” ,- განაცხადა არახამიამ ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში.

მისი თქმით, სააკაშვილისგან პირველ ეტაპზე რეფორმებს სამი- მათ შორის, მშენებლობის ნებართვების, საბაჟო და სამართალდამცავი სისტემების მიმართულებით ელოდებიან:

“ყველაზე მარტივად განსახორციელებელი სწრაფი შედეგის მომტანი იქნება მშენებლობასთან დაკავშირებული ნებართვების საკითხების მოგვარება, სადაც, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი სწრაფად დაამყარებს წესრიგს და აჩვენებს თავის მაღალ კლასს. შემდეგი არის საბაჟო რეფორმა – ეს სფერო ჩვენთან ძალიან კორუმპირებულია და იმედია, მიხეილი თავის გუნდთან ერთად შეძლებს ამ სფეროს ოპტიმიზირებას.

შეზღუდული უფლებამოსილების პირობებში მან ეს ოდესაში ერთხელ ნაწილობრივ შეძლო. შემდეგია საგამოძიებო ორგანოების რეფორმა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში აქტიურად გამოიყენებოდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა უამრავი კორუმპირებული მაღალჩინოსნის დაკავება. ჩვენც ვისურვებდით ასეთი შედეგის მიღებას”, – ამბობს რადას დეპუტატი.


ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა.

მანამდე, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ მმართველი პარტიის ცნობით ეს ტყუილი იყო, რადგან კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი