ახალი ამბები

ზალკალიანის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

8 მაისი, 2020 • 1467
ზალკალიანის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საგარეო საქმეთა მინსტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ნინუამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 6 მაისს დაწერა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მიხეილ ნინუამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამბობენ, რომ მან სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო.

“უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების – უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა, რასაც, ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფომ, სამინისტრომ და უშუალოდ მან ღირსეულად გაართვეს თავი.

მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა, უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული პროცესის კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ. ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ოქტომბერში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით დაინიშნა. მანამდე, სხვადასხვა დროს, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობდა, მათ შორის, 2005-2008 წლებში – საკონსულო დეპარტამენტში, ეკონომიკის სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნინუა ადამიანური რესურსების მართვის, დიპლომატიური პროტოკოლის, ადმინისტრაციულ, დიასპორასთან ურთიერთობისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს კურირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი