ახალი ამბები

არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი იყოს – თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე

7 მაისი, 2020 • 1228
არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი იყოს – თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების და ქონების გადაცემის საკითხები გადასახედია.

“ჩვენი საპატრიარქო, ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას, დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვრივალე. ასევე, სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით. აქედან გამომდინარე, აქ არა მგონია, რამე კითხვის დასმის საფუძველი იყოს”, – განაცხადა ნათია თურნავამ “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა” 6 მაისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2010-2019 წლებში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის პრობლემატიკა და ტენდენციებია შეფასებული. ორგანიზაცია განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრობლემას, პრობლემურ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას, შესაბამის უწყებებს კი რეკომენდაციებით მიმართავს.

ანგარიშის თანახმად, 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო, საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება კი, ჯამში, 64 კვ.კმ. ფართობს მოიცავს.

რელიგიის თავისუფლება და (უ)თანასწორობა საქართველოში – TDI-ს ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი