ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს გიდებმა თურნავასთან შეხვედრაზე

7 მაისი, 2020 • 1175
რაზე ისაუბრეს გიდებმა თურნავასთან შეხვედრაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თუნვა გუშინ, 6 მაისს, გიდებს შეხვდა. როგორც ონლაინ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ ნეტგაზეთს უთხრა, მინისტრს სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს და დახმარება სთხოვეს.

ერთ-ერთი საკითხი მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემულ დაპირებას ეხება, რომლითაც 6-თვიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილები მიიღებენ. გიორგიძის თქმით, გიდების ნაწილი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, ნაწილის შემთხვევაში კი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბოლოს ხელფასი რამდენიმე თვის წინ ჩაერიცხა. ამიტომ თურნავას სთხოვეს, მთავრობამ ეს გაითვალისწინოს და გიდებმაც მიიღონ სახელმწიფოსგან დახმარება. ანუ გიდების ნაწილმა უმუშევრად დარჩენილის დახმარება მიიღოს, ნაწილმა კი- თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნული 300 ლარი.

როგორც ალექსანდრე გიორგიძე ნეტგაზეთს ეუბნება, თურნავამ მხოლოდ წინადადებები მოისმინა. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილე 20-მდე გიდმა მინისტრს ასევე ჰკითა, როდის გაიხსნება საქართველოს საზღვარი, ანუ როდის გააგრძელებდნენ მუშაობას, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ ამის შესახებ გიორგი გახარიას დღეს, 7 მაისს განაცხადებს.

“ბევრი გიდი ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, რომელიც, მაგალითად, გულისხმობს ბოლო სამი თვის ხელფასის ამონაწერის წარდგენას, რადგან სეზონური სამუშაოა და იანვარ-მარტში ბევრს არ უმუშავია… ისინი ძირითადად მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით არიან დასაქმებულნი. თხოვნა გვქონდა, რომ ამ სექტორისთვის გამონაკლისი ყოფილიყო. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, იანვარ-თებერვალში სულ, ალბათ, 2-3 ტურზე ვიმუშავე, თუმცა აპრილიდან ოქტომბრამდე თითქმის ყველა დღე გაწერილი მქონდა. მინისტრს ეს სპეციფიკა ავუხსენით. ანუ მთავრობამ გაითვალისწინოს 2019 წლის შემოსავლები და ეს დახმარება ამის საფუძველზე გასცეს. და არა ბოლო სამი თვის, რადგან ამ შემთხვევაში ბევრი გიდი დახმარების გარეშე დარჩება. თურნავამ გვითხრა, რომ ამაზე მუშაობას დაიწყებენ და უახლოს მომავალში პასუხით დაგვიბრუნდება”,-ამბობს ალექსანდრე გიორგიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც შეხვედრაზე ისაუბრეს, სახელმწიფოს მიერ გიდების “აღრიცხვას” ეხება. როგორც გიორგიძე ამბობს არავინ იცის, რამდენი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული, რადგან გიდების ნახევარი ე.წ. ფლირანსერია და საკუთარი ძალებით ჩამოყვანილ ტურისტებს ემსახურება. მისი თქმით, ასეთმა გიდებმა სახელმწიფოსგან თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი 300-ლარიანი დახმარება უნდა მიიღონ: “ბოლო ათი წელია ტურიზმის სექტორი ვითარდება, თუმცა ჩვენ, გიდებს, არავინ გვახსენებს. არადა, ტურიზმში ერთ-ერთი წამყავნი როლი გვაქვს, ისევე როგორც სასტომროებსა და რესტორნებს.”

ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვერდაზე ტურისტების მომსახურე მძღოლებისთვის, რომელთა იდენტიფიცირებაც, გიორგიძის თქმით, მათი დახმარებით, მთავრობას არ გაუჭირდება, სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხზეც ისაუბრეს. როგორც ის გვიყვება, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მძღოლებმა საბანკო სესხებით კარგი მანქანები შეიძინეს, თუმცა დღეს სესხს ვეღარ ემსახურებიან და ზოგიერთს მანქანის გაყიდვაც მოუწია. ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ როცა სექტორი გამართულად დაიწყებს მუშაობას, ამ მანქანებზე მოთხოვნა ისევ იქნება, შესაბამისად, მთავრობა ასეთ მძღოლებს ვალის რესტრუქტურიზაციაში უნდა დაეხმაროს.

“ბევრმა მძღოლმა შარშან, სეზონის ბოლოს იყიდა მანქანა… კონკურენცია იყო ბაზარზე, შესაბამისად, მაღალი დონის ტრანსპორტზე მოთხოვნა იყო. მათ უმეტესობას სესხით აქვს ნაყიდი. როგორც ვიცი, სამმა მძღოლმა უკვე გაყიდა მანქანა. კიდევ ბერი გაყიდის… ჩვენ მინისტრს ვთხოვეთ, რომ ამ მძღოლების იდენტიფიცირება მარტივია, რადგან მათი უმეტესობა ტურკომპანიებთან ხელშეკრულებით მუშაობდა. ტურიზმის სექტორში დასაქმებული მძღოლებისთვის სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდეს. მათ იდენტიფიცირებაში ჩვენც დავეხმარებით. როგორც სასტუმროებს გაუკეთეს შეღავათები”,-აცხადებს გიორგიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი