ახალი ამბები

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი მიემხრო

7 მაისი, 2020 • 1268
საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი მიემხრო

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს აშშ-ის კონგრესში კიდევ ერთი, უკვე მეცხრე მხარდაჭერი გამოუჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ, კონგრესის საიტის ცნობით, კონგრესმენმა რობ ბიშოპმა 5 მაისს გამოაცხადა.

რობ ბიშოპი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იუტას შტატს წარმოადგენს, არის აგრეთვე კონგრესში შტატის დელეგაციის ხელმძღვანელი.

ვინ უჭერს მხარს კანონპროექტს?

სანქციების მომხრე ცხრავე კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატის —აშშ-ის კონგრესის ორი პალატიდან ერთ-ერთის წევრია. ყველა მათგანი რესპუბლიკური პარტიის წევრია.

პროექტის ავტორია ბილ ფლორესი ტეხასის მე-17 ოლქიდან, მისი მომხრეები კი არიან:

  • უილ ჰარდი, ტეხასი 23;
  • პიტ ოლსონი, ტეხასი 22;
  • რენდი უებერი, ტეხასი 14;
  • ჩარლზ ფლაიშმანი, ტენესი 3;
  • ბრაიან ბაბინი, ტეხასი 36;
  • დენ ქრენშოუ, ტეხასი 2;
  • ჯოდი არინგტონი, ტეხასი 19;
  • რობ ბიშოპი, იუტა 1.

რას გულისხმობს კანონპროექტი?

„დაუწესდეს სანქციები საქართველოს მთავრობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოავლენს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედება მიმართულია იმისკენ, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულნი არიან ბიზნესში თუ სხვა ოპერაციებში“, – ვკითხულობთ კანონპროექტის ტექსტში.

კანონის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა და საშულაოდ 180 დღეში ერთხელ უნდა წარუდგინოს კონგრესს დოკუმენტი, სადაც:

  • გამოვლენილი იქნება, მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულნი არიან ბიზნესში;
  • იდენტიფიცირებული იქნებიან უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტივობებზე (ანუ, აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტრაქტო შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრაზე);

ზემოთხსენებულ დოკუმენტშივე უნდა იყოს:

  • საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ინვესტიციების შეჯამება;
  • ზემოთ ხსენებული ნაბიჯების შეფასება საქართველოში აშშ-ის მიერ ინვესტირების მომავალზე;

კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესება გულისმხობს:

  • აქტივების დაბლოკვა – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებების კანონის მიერ პრეზიდენტის მიერ ყველა მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება იმ დოზით, რომლითაც საჭირო იქნება სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების ტრანზაქციების აკრძალვა ქონებასა და აქტივებში, თუ ეს ქონება და აქტივები არის აშშ-ში, შემოდის აშშ-ში ან არის აშშ-ის მოქალაქის კონტროლისა თუ მფლობელობის ქვეშ;
  • აშშ-ში ჩასასვლელად საჭირო ვიზის ან სხვა დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის არქონას;
  • სხვა გზით აშშ-ში ჩასვლის ან ემიგრაციისა და ეროვნების კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებლის მიღებას;
  • ამჟამინდელი ვიზისა თუ  აშშ-ში შესვლის სხვა დოკუმენტის უმალ გაუქმებას, მიუხედავად გაცემის თარიღისა;

სანქციების შეჩერება:

  • ზემოთ აღწერილი სანქციების მოქმედება უნდა შეწყდეს იმავე დღეს, თუ პრეზიდენტი შესაბამის კომიტეტებს გაუგზავნის დოკუმენტებს, სადაც სანქციების დაწესებისადმი ნეგატიურ პასუხს იძლევა;

მასალების გადაბეჭდვის წესი