ახალი ამბები

რას ჰყვება შესაძლო “ნულოვანი პაციენტი” საფრანგეთიდან

7 მაისი, 2020 • 1748
რას ჰყვება შესაძლო “ნულოვანი პაციენტი” საფრანგეთიდან

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საფრანგეთში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, მხოლოდ იანვრის ბოლოში დაფიქსირდა. თუმცა 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ ტესტების გადამოწმების შემდეგ კორონავირუსი საფრანგეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს აღმოაჩნდა, როცა ოფიციალურად ახალი ვირუსის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებასაც კი არ ჰქონდა გამოცხადებული.

პაციენტი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი ჯერ კიდევ დეკემბერში გადაიტანა, Le Parisen-თან ინტერვიუში თავის ამბავს ყვება. ის ამბობს, რომ პირველი სიმპტომები 20 დეკემბერს შეამჩნია.

“ყველაფერი მშრალით ხველით დაიწყო“, — აცხადებს ამირუჩე ჰამარი.

შემდეგ, მისი თქმით, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რომელიც „40 გრადუსს გასცდა“.

„თავდაპირველად მეგონა, რომ ეს სეზონური გრიპი იყო“. თუმცა ტემპერატურა არ ვარდებოდა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, სულ უფრო და უფრო დიდ ტკივილს გრძნობდა მკერდის არეში. 26 დეკემბრის საღამოს უკვე სისხლიანი ხველა აღენიშნებოდა, იუწყება გამოცემა. მომდევნო დღის დილას იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე.

„ჩემი ცოლი პანიკაში იყო, როცა ასეთ მდგომარეობაში მხედავდა“. პაციენტის თქმით, „დასასრულთან ახლოს“ გრძნობდა თავს.

„ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს მკერდის არეში დანას გისობენ. ექიმებმა მითხრეს, რომ ფილტვების მძიმე ინფექცია მქონდა. აღიარეს, რომ საქმე რთულად იყო“, — ამბობს იგი.

გამოსაჯანმრთელებლად საფრანგეთის შესაძლო „ნულოვან პაციენტს“ 6-10 დღე დასჭირდა.

ჰამარმა არ იცის, ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო დეკემბერში, თუმცა ამბობს, რომ ავადმყოფობამდე მის ცოლს ჰქონდა მშრალი ხველა და სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში. ცოლი თევზის გამყიდველია სუპერმარკეტებში და ყოველდღიურად არაერთ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის -უცხოელებთან. სუპერმარკეტი, სადაც ჰამარის ცოლი მუშაობს, სუშის რესტორნის გვერდით მდებარეობს, სადაც ასევე აზიური წარმოშობის მოქალაქეები მუშაობენ, თუმცა ჯერ უცნობია, მათ თუ ჰქონდათ მანამდე ვუჰანში მოგზაურობის ისტორია.

მოგვიანებით ჰამარის 4 შვილიდან 2 დაავადდა, თუმცა ავადმყოფობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

„ის 15 დღის განმავლობაში იყო ავად და გადასდო თავის ორ შვილს, მაგრამ არა ცოლს. გაოცებული იყო, არ ესმოდა, რანაირად დაავადდა. მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. კონტაქტი მხოლოდ ცოლთან ჰქონდა”, — აცხადებს ექიმი ივეს კოენი, რომელმაც დეკემბერში კორონავირუსის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც „როიტერსი“ წერს, კოენი ამბობს, რომ პაციენტის მეუღლე სუშის სტენდთან მუშაობდა, ჩინური წარმოშობის მქონე კოლეგებთან ერთად. უცნობია, ჰქონდათ თუ არა კოლეგებს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია, ხოლო ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა ყველაფერი უნდა გამოიძიონ, ციტირებს „როიტერსი“ კოენს.

„გვაინტერესებს, [მეუღლე] უსიმპტომო ხომ არ იყო. ის [პაციენტი] შეიძლება „ნულოვანი პაციენტი“ იყოს, მაგრამ შეიძლება ასეთები სხვა რეგიონებშიც იყვნენ. ყველა PCR ტესტი, რომელიც პნევმონიაზე ჩატარდა, კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს. ვირუსი, შესაძლოა, უკვე მაშინ იყო [საფრანგეთში]“, — აცხადებს კოენი.

გრიპზე აღებული ნიმუშები კორონავირუსზეც შეამოწმეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი