ახალი ამბები

გრიპზე აღებული ნიმუშები კორონავირუსზეც შეამოწმეს

19 მარტი, 2020 • 3263
გრიპზე აღებული ნიმუშები კორონავირუსზეც შეამოწმეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსზე იმ პაციენტების ნიმუშებიც შეამოწმეს, რომელთა კვლევა ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს და მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურებულა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა COVID-19-ში განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიმპტომების მსგავსების გამო ახალი კორონავირუსის შემთხვევები გრიპისაში არ ეშლებათ:

“საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად, ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ხომ არ გვეპარება გრიპის სიმტომებით.

კლინიკურად ძალიან ჰგავს გრიპი და შევამოწმეთ, ხომ არ გვეპარება კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი. დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად.

ყველა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად მიდის პანდემია. ჩინეთს გარეთ სამყარომ გადააჭარბა ჩინეთს აბსოლუტური ციფრებით, განსაკუთრებით- ბევრ ევროპულ ქვეყნებში, და ჩვენ, როგორც ევროპის ერთი ნაწილი, გასაკვირი არ არის, გვექნეს შემთხვევების მატება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მატება არ იყოს სწრაფი და რადიკალური”, – ამბობს ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია “ფორმუიას” ეთერში.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 40
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1
  • კარანტინის რეჟიმში – 1592
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262

მასალების გადაბეჭდვის წესი