კახეთში მომუშავე სასწრაფოს ექიმს, რომელსაც სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდგინდა, PCR ტესტით გადამოწმების შემდეგ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.
ცენტრში აღნიშნავენ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სასწრაფოს ექიმს განმეორებითი ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარდა და მას დაავადება არ დაუდასტურდა.
მანამდე, 2 მაისს, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებული გაფართოებული ტესტირების შედეგად ერთ ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. ირაკლია ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ პაციენტი ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სასწრაფო დახმარების სამსახურში ექიმად მუშაობს, ასევე საქმიანობს “ევექსის” კლინიკაში.
ამ დროის მონაცემებით (6 მაისი, 13:00) საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის 610 შემთხვევაა დადასტრუებული. მათგან გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი, 9 ადამიანი კი – დაიღუპა.