ახალი ამბები

გაართულებს თუ არა კორონავირუსის ახალი შტამები ვაქცინის შექმნას – კვლევა

6 მაისი, 2020 • 1167
გაართულებს თუ არა კორონავირუსის ახალი შტამები ვაქცინის შექმნას – კვლევა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსის შტამი, რომელიც ბოლო დროს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტადაა გავრცელებული და პანდემიის დასაწყისში გავრცელებული შტამისგან განსხვავებით, უფრო გადამდებია. როგორც Los Angeles Times წერს, შესაბამისი კვლევა აშშ-ში, ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

რა ხდება

კვლევის ავტორებმა 33-გვერდიანი ანგარიში სამშაბათს გამოაქვეყნეს პორტალ BioRxiv-ზე — ამ პლატფორმაზე მეცნიერები თავიანთ ნაშრომებს აზიარებენ, სანამ მათი ექსპერტული შემოწმება მოხდება. მეცნიერები ამ პლატფორმას იმისთვის იყენებენ, რათა დააჩქარონ ვაქცინებსა და სამკურნალო მედიკამენტებზე მუშაობა.

ლოს ალამოსის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევა, LA Times-ის ცნობით, დიდწილად დაფუძნებულია ვირუსის ადრეულ შტამების გენეტიკურ მონაცემებზე და შესაძლოა, ახალ შტამებთან დაკავშირებით ეფექტური არ აღმოჩნდეს.

მეცნიერების ცნობით, ახალი შტამი თებერვალში ჯერ ევროპაში გამოჩნდა, მალევე გავრცელდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მარტის შუა რიცხვებიდან კი მსოფლიოში დომინანტური შტამი გახდა.

როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, ლოს ალამოსის კველევამ შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და მედიკამენტებზე მომუშავე ექიმების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსი მუტაციას სწრაფად არ განიცდის და, შესაბამისად, საჭირო არ იქნება ყოველ წელს ახალი ვაქცინის შექმნა, როგორც ეს გრიპის ვირუსის შემთხვევაში ხდება. იმის გამო, რომ გრიპის ვირუსის შტამი ყოველწლიურად სწრაფად იცვლება, მეცნიერებს უწევთ ყოველ წელს ახალ შტამზე მორგებული ვაქცინის შექმნა, რათა ეფექტიანი იყოს ვირუსთან საბრძოლველად. ლოს ალამოსის კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებით, შესაძლოა, სწორედ მსგავს რისკზე მიუთითებდეს.

მეცნიერები აგრეთვე აცხადებენ, რომ ყველგან, სადაც კი ახალი შტამი გამოჩნდა, დაინფიცირდა უფრო მეტი ადამიანი, ვუჰანიდან წამოსული შტამისგან განსხვავებით. ანგარიშის მიხედვით, ახალი შტამის დომინანტურობა გვაძლევს იმის საფუძველს მივიჩნიოთ, რომ ის უფრო გადამდებიცაა, თუმცა რატომაა ასე, ჯერჯერობით უცნობია.

LA Times-ის ცნობით, მეცნიერებმა თავიანთ კვლევაზე მუშაობისას მსოფლიოს მასშტაბით არსებული კორონავირუსის 6 000 მონაცემი შეისწავლეს და დაასვკნეს, რომ ახალი შტამი სულ უფრო და უფრო დომინანტური ხდებოდა.

ლოს ალამოსის გუნდმა, დიუკის და შეფილდის უნივერსიტეტების მეცნიერების დახმარებით, მოახდინა 14 მუტაციის იდენტიფიცრება. ეს მუტაციები მოხდა რნმ-ში, რომელიც ვირუსის გენომს ქმნის.

„ეს ამბავი შემაშფოთებელია, რადგანაც ვხედავთ, რომ ვირუსის მუტირებული ფორმა სწრაფად აღმოცენდება. მარტის თვეში პანდემიაში მან დომინანტური ადგილი დაიკავა. როცა მუტირებული ვირუსი მოსახლეობაში იწყებს ცირკულირებას, ის სწრაფად ხდება დომინანტური ადგილობრივ ეპიდემიაში და, შესაბამისად, უფრო გადამდებია“, — წერს ბეტ კორბერი, კვლევის ხელმძღვანელი.

ლოს ალამოსის კვლევაში აგრეთვე მოცემულია, თუ რამდენად შეიძლება ვირუსის მუტირებამ გავლენა იქონის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგიონალურ სიტუაციაზე: იტალია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც თებერვლის ბოლო კვირაში მუტირებული ვირუსი შეხვდა. ასევე მოხდა აშშ-ის ვაშინგტონის შტატში. თავდაპირველად, 15 მარტს, ნიუ-იორკში ვირუსი პირველადი სახით გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე დღეში დომინანტური ახალი შტამი გახდა.

ამასთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ალან ვუს თქმით, სხვადასხვა ადგილზე ადგილობრივი ექიმებიც ინტერესდებიან ვირუსის ახალი შტამის მოქმედებით. ის აცხადებს, რომ მედიცინის ექსპერტები უკვე საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე ვირუსის სხვადასხვა შტამებია დომინანტური.

ვუს განცხადებით, საავადმყოფოში, სადაც ის მუშაობს, ასობით შემთხვევიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, „რაც საკმაოდ განსხვავებული მონაცემებია ნიუ-იორკთან შედარებით“.

თუმცა ლოს ალამოსის კვლევაში არაა ნახსენები, არის თუ არა ახალი შტამი უფრო ლეტალური, ვიდრე თავდაპირველი.

პიტერ პიტსის, Center for Medicine-ის პრეზიდენტისა და აშშ-ის FDA-ს ყოფილი კომისიონერის განცხადებით, ვირუსის მუტაცია გასაკვირი არაა, მაგრამ ის ზრდის საჭიროებას, საზოგადოება იზოლაციისა და სხვა ზომების საშუალებით იყოს დაცული.

კავშირი ვაქცინის შექმნასთან

კვლევის ავტორების განცხადებით, მათ სურდათ, ინფორმაცია ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებისთვის გაეზიარებინათ, რადგანაც თუ ვირუსის მუტაცია მოხდა, შეიძლება ვაქცინა, რომელიც თავდაპირველი შტამისთვის იყო განკუთვნილი, ეფექტიანი აღარ იყოს.

The Times-სთან საუბარში ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერების თქმით, იმედი აქვთ, რომ თავდაპირველი ინფორმაცია სწორი აღმოჩნდება, ვირუსი სტაბილური იქნება და არ დაემსგავსება გრიპის ვირუსს, რომელსაც ყოველ წელს ახალი ვაქცინა სჭირდება.

რას ფიქრობენ კვლევის შესახებ სხვა მეცნიერები

ჩარლზ ბრენერი, აიოვას უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორი კვლევას სასარგებლოს უწოდებს. მისი თქმით, მეცნიერები, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობენ, „ასეთ კვლევებს ძალიან სიღრმისეულად უნდა აკვირდებოდნენ“.

ბრენერი აღნიშნავს, რომ კვლევაში არაა დასკვნა იმის შესახებ, არის თუ არა მუტირებული ვირუსი უფრო რთული ფორმის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის [ახალი ფორმა] უფრო მეტს აღმოაჩნდა, „არის ვარაუდი, რომ უფრო გადამდებია“. ბრენერის განცხადებით, ვირუსის ახალ შტამს, დიდი ალბათობით, ვაქცინის შექმნის დროსაც გამოიყენებენ.

პეტერ ჰოტეზი, ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინის შექმნის ცენტრის თანადირექტორი კვლევას „საყურადღებოს“ უწოდებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ დასკვნები გადამოწმებას საჭიროებს.

„ბევრ სპეკულაციას აქვს ადგილი. ექსპერიმენტალური დასტური არ აქვთ“, — აღნიშნავს იგი LA Times-სთან საუბარში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი