ახალი ამბები

ბრიტანეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი კარანტინის წესის დარღვევის გამო გადადგა

6 მაისი, 2020 • 1046
ბრიტანეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი კარანტინის წესის დარღვევის გამო გადადგა

პროფესორი ნილ ფერგიუსონი, ეპიდემიოლოგი, რომელიც ბრიტანეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საკარანტინო ზომების სტრატეგიის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, მთავრობის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფერგიუსონმა საკუთარ სახლში პარტნიორი მიიღო, რითაც საკარანტინო წესები დაარღვია. The Guardian აღნიშნავს, რომ ფერიუსონი იმპერიალ კოლეჯის მეცნიერების ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც დაარწმუნა ბრიტანეთის მთავრობა, ფიზიკური დისტანცირების წესები გაემკაცრებინა.

როგორც Daily Telegraph იუწყება, ფერგიუსონის პარტნიორი ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ეპიდემიოლოგს, სულ მცირე, 2-ჯერ მაინც ესტუმრა, 30 მარტსა და 8 აპრილს.

The Guardian წერს, რომ ვიზიტები ეწინააღმდეგებოდა მთავრობის გზავნილებს “დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე”, რომელიც მოუწოდებდა ადამიანებს, საკუთარ სახლებში დარჩენილიყვნენ და სხვა ოჯახებთან შეხება არ ჰქონოდათ.

გავრცელებულ განცხადებაში ეპიდემიოლოგი წერს, რომ შეცდომა დაუშვა, რის გამოც თანამდებობას ტოვებს. ფერგიუსონის თქმით, ასე იმიტომ მოიქცა, რომ სჯეროდა, იმუნური იყო, რადგანაც დაავადების დადასტურების და სიმპტომების გამოვლენის შემდეც 2 კვირის გამავლობაში სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

მთავრობის ყოფილი მრჩეველი აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო წუხს და აცხადებს, რომ მთავრობის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შესახებ ფერგიუსონმა ტვიტერზე პირველად 18 მარტს დაწერა. ის აცხადებდა, რომ თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ორი დღის განმალვობაში მშრალად ახველებდა, რის გამოც თვითიზოლაციის წესებს იცავდა, ღამით კი მაღალი ტემპერატურა განუვითარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი