დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში გამოკვლეული 170 ადამიანიდან კორონავირუსი 26-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში ჩავატარეთ ტესტირებები და 170 გამოკვლეული ადამიანიდან კორონავირუსი დაუდგინდა 26 ადამიანს, ანუ გამოვლენის პროცენტი იყო საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 15 პროცენტამდე, რაც სერიოზული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიზნობრივად სწორედ ის ადამიანები გამოვავლინეთ, ვინც აუცილებელი იყო და ისინი გადაყვანილი არიან სტაციონარებში და დაწყებულია მკურნალობა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში 5 მაისის 20:20 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497.