ახალი ამბები

იგეგმება აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულთა ტესტირებები – გამყრელიძე

5 მაისი, 2020 • 1112
იგეგმება აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულთა ტესტირებები – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირებები გრძელდება და ფართოვდება მისი არეალიც, მათ შორის იგეგმება ფარმაცევტულ კომპანიებში და სასურსათო მაღაზიებში დასაქმებულთა ტესტირებებიც. ამის შესახებ გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ თანდათანობით ვაფართოებთ ტესტირების არეალს იმიტომ, რომ შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად რისკის თავიდან ასარიდებლად დავამატეთ ჯგუფები. გარდა მათი შემოწმებისა, ვინც აუციელებლია, ვამოწმებთ ყველა ცხელების კლინიკაში მყოფ ადამიანებს, ასევე, პნევმონიის მქონე ადამიანებს. ახლა უკვე იტესტება ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლები. ასევე დაიწყო ტესტირება კარანტინიდან მეცამეტე- მეთოთხმეტე დღეს, გამოსვლის წინ ყველა ადამიანის, რადგან არ გაგვეპაროს ინფექცია და ნაკლები იყოს ალბათობა. ასევე ტესტირება მიმდინარეობს მოხუცთა სახლების, როგორც ბენეფიციარების, ისე მათი მომვლელებისა და პერსონალის.

რაღაც ეტაპზე უფრო მეტად გავაფართოებთ ტესტირებას და ეს გეგმა ხვალ იქნება უკვე და ზეგიდან დაიწყება მისი განხორციელება. რაც შეეხება ფარმაცევტებსა და სასურსათო მაღაზიის თანამშრომლებს, ჩვენს გეგმაში არის ფარმაცევტული კომპანიის 8000-მდე თანამშრომლის და მიმდინარეობს აღრიცხვა სასურსათო მაღაზიებისაც, რომ მეტად დავიზღვიოთ თავი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვცრება კორონავირუსთან ერთად და ამიტომ დაგვჭირდება გარკვეული ჯგუფების პერმანენტული იდენტიფიცირება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში 5 მაისის 19:30 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497.

მასალების გადაბეჭდვის წესი