9 მაისს “ვაკის პარკში”, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან “მოძრაობა უკვდავი პოლკის” წარმომადგენლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეკრებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს მოძრაობის წარმომადგენელ ირაკლი ყიფიანზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიასთან საუბრისას ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ მათ რუსული ფონდი “რუსკი მირი” და სხვადასხვა ბიზნესმენი აფინანსებს. მისი თქმით, 9 მაისს თბილისის თავზე “გეორგიევსკის დროშის” გადაფრენას დრონების საშუალებით გეგმავს. ყიფიანი ამბობს, რომ მათ არავითარი შეზღუდვა არ აბრკოლებთ:
“ყველა მოიქეცით ძალიან ჭკვიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ ზომებს, როგორი ზომებიც მიგვიღია. სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებით შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ. არავინ ჯარიმა არ დაწეროს, თორემ ის ჯარიმის ქვითრები სად ამოყოფს თავს, მე, ირაკლი ყიფიანი გპირდებით, რომ განახებთ მეორე დღესვე და ტყუილად არავის არ ვემუქრები. მე განახებთ თქვენ ყველაფერს, ყველაფერს დაგილაგებთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ, რამე არ შეგეშალოთ, მოგამრთავთ უმაღლესი თანამდებობის პირებს”, – განაცხადა ყიფიანმა ტელეკომპანიასთან საუბრისას.
“მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მე, მაგალითად, აღდგომის ლიტურგიაში მივიღე მონაწილეობა და ღამე გავათენე ტაძარში, რატომ არ შემიძლია 9 მაისს მოვიდე ვეტერანებთან ერთად?” – აცხადებს ირაკლი ყიფიანი რ2-ის ცნობით.
საჯარო რეესტრის მიხედვით, უკვდავი პოლკის სახელით საქართველოში სხვა ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ეს ორგანიზაცია 9 მაისს ონლაინ აღნიშნავს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ირაკლი ყიფიანთან კავშირი არ აქვთ.
საგანგებო მდგომარეობის წესებით საქართველოში საპროტესტო აქციების გამართვა დროებით აკრძაულილია.