ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

5 მაისი, 2020 • 1268
აზერბაიჯანში პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აზერბაიჯანის ქალაქ ბილიასუვარში (ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბაქოდან 180 კმ-ის მოშორებით) მომიტინგეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

4 მაისს ბილიასუვარის მოსახლეობის ნაწილი ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა, გააპროტესტა პანდემიის პირობებში აუცილებელი სოციალური დახმარების „არათანაბარი და უსამართლო გადანაწილება“ და დახმარებების გაცემა მოითხოვა.

მომიტინგეები საუბრობენ დაშავებულ მოქალაქეებზე და პოლიციის მხრიდან ძალადობაზე, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მხოლოდ ერთი მომიტინგის დაკავება დაადასტურა და თქვა, რომ მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა სამართალდამცავებს.

როგორც Кавказский узел-თან ამბობს უფლებადამცველი ემინ ჰუსეინოვი, ეს აქცია მოსახლეობაში დიდი ხნის დაგროვილი უკმაყოფილების სპონტანური გამოხატვა იყო.

აქციას წინ უძღოდა შემდეგი მოვლენები: 29 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა ბილიასუვარის რაიონის მაღალჩინოსანი მაჰირ გულიევი, მისი მოადგილე და რამდენიმე მაღალჩინოსანი.

მეორე დღეს გულიევს პატიმრობა შეუფარდეს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მისი თანამდებობიდან მოხსნის ბრძანებას მოაწერა ხელი.

პირველ მაისს უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, გულიევს ბრალად ედება მის მოადგილესთან, ხანლარ მამადოვთან ერთად, პანდემიის პირობებში გასაცემი სოციალური დახმარების მითვისება. ამასთან, გულიევს კორუფციის სხვა ბრალდებებიც წაუყენეს.

თუმცა, როგორც Кавказский узел-ს უთხრა ემინ ჰუსეინოვმა, „პრობლემა ცალკეულ ჩინოვნიკებში კი არ არის, მთელ სისტემაშია“.


ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1984 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 1480 გამოჯანმრთელდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი