ახალი ამბები

COVID-19-ით დაავადებული პაციენტი საფრანგეთში ჯერ კიდევ 27 დეკემბერს იყო — ექიმი

4 მაისი, 2020 • 2194
COVID-19-ით დაავადებული პაციენტი საფრანგეთში ჯერ კიდევ 27 დეკემბერს იყო — ექიმი

საფრანგეთში, პარიზის გარეუბნის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დეკემბერში პნევმონიით დაავადებული  ნაცხების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსი Sars-CoV-2, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ქვეყანაში ერთ-ერთ პაციენტს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ოფიციალურად მხოლოდ იანვრის თვეში დაფიქსირდა. 27 დეკემბერს ოფიციალური ცნობები კორონავირუსის შესახებ ჩინეთშიც არ იყო გავრცელებული.

როგორც „როიტერსი“ წერს, 27 დეკემბერს დადგენილი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია პრესას მიაწოდა ჟან ვერდიერის სახელობის ჰოსპიტალის ექიმმა, ივეს კოენმა.

მისი განცხადებით, მეცნიერებმა ხელახალი ტესტი ჩაუტარეს დეკემბერში და იანვარში მიღებულ დაავადებულთა ნაცხებს.

როგორც ის აცხადებს, 24 პაციენტის გამოკვლეული ნაცხიდან ერთ-ერთ მათგანს COVID-19 დაუდასტურდებოდა. ის საავადმყოფოში ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მკურნალობდა.

როგორც „როიტერსი“ წერს, თავდაპირველად ყველა ნაცხი PCR ტესტის მეშვეობით გრიპის დასადგენად აიღეს. ახლა ამ ტესტებს კორონავირუსის დასადგენად იყენებენ.

გამოცემა აგრეთვე იუწყება, რომ კოენის განცხადებით, ყველა ნაცხს რამდენიმე ხელახალი ტესტი გაუკეთეს, რათა ყველანაირი შეცდომა თავიდან ყოფილიყო აცილებული.

კოენის თქმით, ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი იმაზე, არის თუ არა ეს „ნულოვანი პაციენტი“.

მისი თქმით, პაციენტი ცოცხალია და უკვე დაიწყო მუშაობა იმის დადგენაზე, თუ როგორ მოხდა პირველი ინფიცირება.

„ის 15 დღის განმავლობაში იყო ავად და გადასდო თავის ორ შვილს, მაგრამ არა ცოლს. იგი გაოცებული იყო, არ ესმოდა, რანაირად დაავადდა. მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. კონტაქტი მხოლოდ ცოლთან ჰქონდა”.

როგორც „როიტერსი“ წერს, კოენი ამბობს, რომ პაციენტის მეუღლე სუშის სტენდთან მუშაობდა, ჩინური წარმოშობის მქონე კოლეგებთან. უცნობია, ჰქონდათ თუ არა ამ კოლეგებს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია, ხოლო ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა ყველაფერი უნდა გამოიძიონ, ციტირებს „როიტერსი“ კოენს.

„გვაინტერესებს, [მეუღლე] უსიმპტომო ხომ არ იყო. ის [პაციენტი] შეიძლება „ნულოვანი პაციენტი“ იყოს, მაგრამ შეიძლება ასეთები სხვა რეგიონებშიც იყვნენ. ყველა PCR ტესტი, რომელიც პნევმონიაზე ჩატარდა, კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს. ვირუსი, შესაძლოა, უკვე მაშინ იყო [საფრანგეთში]“, — აცხადებს კოენი.

გრიპზე აღებული ნიმუშები კორონავირუსზეც შეამოწმეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი