ახალი ამბები

საქართველოში მცხოვრები ინდოელები Covid19-ის კრიზისის დროს მოქალაქეებს ეხმარებიან

4 მაისი, 2020 • 4678
საქართველოში მცხოვრები ინდოელები Covid19-ის კრიზისის დროს მოქალაქეებს ეხმარებიან

ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში, საქართველოში მცხოვრები ინდოელები მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან. ხვალ, 5 მაისს, ისინი სისხლის ჩაბარებას გეგმავენ. პარალელურად, რამდენიმე კვირაა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვებს აგროვებენ.

დარისპან პრაშერი საქართველოში 2014 წლიდან ცხოვრობს და არასამთავრობო სექტორშიც საქმიანობს. მისი თქმით, ხვალ სისხლს 30-ზე მეტ ადამიანთან ერთად გაიღებს. მათ შორის არიან სტუდენტები და სხვები, საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ინდოელები. იგი მოქალაქეებსაც მოუწოდებს, სისხლის ბანკებს დაეხმარონ.

“წავიკითხე, რომ ახლა ეს საჭიროა, დავუკავშირდით სისხლის ბანკს და ხვალ ვაკეთებთ ამას.

…ახლა ასეთი სიტუაციაა. სისხლის მიცემა ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია. ერთი ადამიანის სისხლით 3 ადამიანი თუ გამოჯანმრთელდება, ეს უკვე კარგი საქმეა”,- ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, გასული პერიოდის მანძილზე დახმარება 200-მდე ოჯახს გაუწიეს და საკვების შეგროვებას კვლავ განაგრძობენ.

“რამდენიმე ინდოელი ვართ, ბევრი პროდუქტი შევაგროვეთ და რამდენიმე დღეა, მარტო ინდოელებს არა, უფრო მეტ ქართველს ვაძლევთ, ვისთვისაც გარეთ გასვლა არ შეიძლება, ვისაც ავადმყოფობა აწუხებს…

დაახლოებით 200-ს ოჯახს მივუტანეთ უკვე დახმარება. დახმარების პაკეტი გვაქვს გაკეთებული, სადაც არის ზეთი, მაკარონი, მარილი, პურის ფქვილი, პური, ბრინჯი, ბარდა და ა.შ.” ,- ამბობს დარისპან პრაშერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი