ახალი ამბები

ვენის აეროპორტი მგზავრებს ადგილზე ტესტირებას სთავაზობს

4 მაისი, 2020 • 1662
ვენის აეროპორტი მგზავრებს ადგილზე ტესტირებას სთავაზობს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნების უმეტესობამ საერთაშორისო ვიზიტორების ნაწილისთვის საზღვრები ჩაკეტა, ჩასულ მგზავრებს კი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ, რომელიც, როგორც წესი, 14- დღიანია, თუმცა, მაგალითად, სერბეთში 28 დღემდე გრძელდება.

14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ ავსტრიაში ჩასულ ვიზიტორებს, თუ ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტირებას ჩაიტარებენ. აღნიშნული ინიციატივა თავად ვენის აეროპორტს ეკუთვნის და ყველა მგზავრს მოეთხოვება წარადგინოს COVID-19-ზე უარყოფითი ანალიზის პასუხები, რომელიც 4 დღეზე გვიან არ იქნება ჩატარებული.

მათ კი, ვისაც ამგვარი დოკუმენტი არ აქვს, როგორც Reuters წერს, აეროპორტი PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მოლეკულურ ბიოლოგიურ ტესტს ადგილზე ჩაუტარებს და პასუხს 2-3 საათში შეატყობინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მგზავრებს 14- დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

აეროპორტში ჩატარებული ტესტის ღირებულება 190 ევროს შეადგენს და პასუხების წაღება მგზავრებს სურვილისამებრ შეეძლებათ სხვა აეროპორტში წარსადგენად.

ვენის აეროპორტი მუშაობას გეგმური ფრენებით აგრძელებს რამდენიმე ქალაქიდან. მათ შორის არის დოჰა, დორტმუნდი, დუსელდორფი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ლისაბონი, მინსკი და სოფია. ასევე სრულდება ჩარტერული და ბიზნესფრენები.

მსგავსი ზომები გასულ თვეში დუბაიშიც მიიღეს. Emirates პირველი ავიაკომპანია იყო, რომელიც  მგზავრებს COVID-19-ზე სწრაფ ტესტებს უტარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი