ახალი ამბები

აუცილებელია კარგი, ორენოვანი კომუნიკაცია მოსახლეობასთან – გამყრელიძის ვიზიტი მარნეულში

2 მაისი, 2020 •
აუცილებელია კარგი, ორენოვანი კომუნიკაცია მოსახლეობასთან – გამყრელიძის ვიზიტი მარნეულში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების 32% ქვემო ქართლზე მოდის. ამის შესახებ მან მარნეულის მერიაში გამართული შეხვედრის შედეგ ისაუბრა.

“მიახლოებით რეკომენდაციებს ვაყალიბებთ, დამატებით რეკომენდაციებს. მარნეულში პირველი ღონისძიებები რომ გავატარეთ, ძალიან ეფექტური იყო. თითქმის გავანულეთ ახალი შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, გუშინ ისევ გვქონდა სამედიცინო პერსონალში, ჩემს კოლეგებში. ამიტომ, ისე არის აღსადგენი მასობრივი კვლევის ღონისძიებები”, – აღნიშნა მან.

გამყრელიძემ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანების დარწმუნება ვირუსის სერიოზულობაში:

“აუცილებელია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. იცით, რომ აქ, ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობაში დიდია რაოდენობა ჩვენი ეთნიკური აზერბაიჯანელების, ჩვენი ძმებისა და დების. აუცილებელია კარგი, ორენოვანი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა დავაჯეროთ, რომ მთლიანად, რაც მსოფლიოში მიდის, ეს არ არის ჩვეულებრივი სურდო და ალერგია. ეს არის სერიოზული კორონავირუსული ინფექცია, რომელმაც მსოფლიოში გამოვლენილი ადამიანების 7% შეიწირა”.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საჭიროა მონიტორინგის პროცესის გაძლიერება თითოეულ სოფელში, აღნიშნულ პროცესში კი უნდა ჩაერთონ როგორც რწმუნებულები, ისე რელიგიური ლიდერები და სამედიცინო საკითხებში ჩახედული ადამიანები.

მარნეულის სასწრაფოს 8 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი