ახალი ამბები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – შსს

2 მაისი, 2020 • 1728
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – შსს

სოფელ მუშევანში 1-ელ მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების თანახმად, ინციდენტისას 2 სატრანსპორტო საშუალება მსუბუქად დაზიანდა, ფიზიკური დაზიანებები კი არავის აღენიშნება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი 1-ელი მაისის საღამოს მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა როგორც ექიმებს, რომლებიც დაინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანას ცდილობდნენ, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს, რობიზონ სელიმაშვილს.

“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – უთხრა ნეტგაზეთს რობიზონ სელიმაშვილმა.

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმებს არ გაატანეს, დალეწილია ავტომობილები – მერის წარმომადგენელი

მასალების გადაბეჭდვის წესი