ახალი ამბები

რუსთავის სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯა

30 აპრილი, 2020 •
რუსთავის სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ძალადობისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების თქმით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის თანდასწრებით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო მეუღლის დას დაზიანება მიაყენა ხელის არეში.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მისი მეუღლე კი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა:

“სამართალდამცავებმა ტ.მ. 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’, და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი